“ღია მმართველობის პარტნიორობის” დეკლარაციაზე ხელი თბილისის მერობის შვიდმა კანდიდატმა მოაწერა

936

ალექსანდრე ელისაშვილი, ელენე ხოშტარია, კახა კალაძე, თენგიზ შერგელაშვილი, გიორგი ვაშაძე, კახა კუკავა და ირმა ინაშვილი თბილისის მერობის ის კანდიდატები არიან, რომლებმაც არასამთავრობო ორგანიზაციების შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადეს და „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) დეკლარაციას ხელი მოაწერეს.

ღია მმართველობის სფეროში მოქმედმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და ფონდმა – „ღია საზოგადოება – საქართველო“ – დეკლარაციაზე ხელმომწერთა ვინაობა კი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნეს. მათი ინფორმაციითვე, დეკლარაციას უერთდება ზაალ უდუმაშვილიც, თუმცა, ჯერჯერობით, ხელმოწერილი დოკუმენტი “ნაცმოძრაობის” კანდიდატისგან არ მიუღიათ. ორგანიზატორთა ცნობით, 12 სექტემბრამდე რეგისტრირებული კანდიდატებისთვის ხელმოწერის ვადა დღეს საღამოს იწურება.

თბილისის მერობის კანდიდატებს დეკლარაციაზე ხელმოწერის შეთავაზება 2017 წლის 28 სექტემბერს გაეგზავნათ. დეკლარაციის ხელმოწერით, კანდიდატები იღებენ ვალდებულებას, ბოლომდე აღასრულონ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიმდინარე პროგრამით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმა და მომავალშიც განახორციელონ მნიშვნელოვანი რეფორმები  სახელმწიფო მმართველობის გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-სა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით შეიქმნა. პროგრამაში ჩართული ქვეყნები ვალდებულები არიან, უზრუნველყონ მმართველობის ღიაობა, გამჭვირვალობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა და მოქალაქეების ცხოვრების პრობლემური საკითხების მოგვარება. საქართველო ამ ინიციატივას 2011 წელს შეერთებული შტატების ოფიციალური მიწვევით შეუერთდა.

ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამი სამოქმედო გეგმა მოამზადა, რომლითაც სხვადასხვა სფეროს რეფორმირების ვალდებულება აიღო. მათ შორისაა ფარული მიყურადების შესახებ სასამართლო სტატისტიკის გამოქვეყნება, ინფორმაციის თავისუფლებისა და გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესება, საქართველოს სოფლებში საზოგადოებრივი ცენტრების შექმნა.

2015-2016 წლებში საქართველოდან ღია მმართველობის პარტნიორობის წევრები გახდნენ საქართველოს პარლამენტი და ქალაქ თბილისის მთავრობა. თბილისის მერიამ პირველი სამოქმედო გეგმა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით შეიმუშავა. მიმდინარე რეფორმების ნაწილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტის, თბილისის ინტერაქციული რუკის, ელექტრონული პეტიციებისათვის ონლაინ პლატფორმების შექმნა  და აშ.

მნიშვნელოვანია, რომ სექტემბრიდან საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველოს მოუწევს, აჩვენოს გამჭვირვალე მმართველობის დამკვიდრების პოლიტიკური ნება, ორგანიზება გაუწიოს 2018 წლის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტს და იკისროს ახალი, მოსახლეობისთვის რეალური მნიშვნელობის მქონე ვალდებულებები.

ამავე თემაზე შეგიძლიათ გაეცნოთ: რა არის OGP და როგორ ემზადება საქართველო გლობალური სამიტისთვის