თელავში მერობის კანდიდატად ცხვარი “წარადგინეს”

2186

თელავში, ადგილობრივი აქტივისტებმა, რომლებიც ქალაქ თელავისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებას ეწინააღმდეგებოდნენ, თელავის მერობის კანდიდატად ცხავარი “წარადგინეს”. ვიდეოკადრები მათ სოციალურ ქსელ facebook-ში გაავრცელეს.

“ვითარება არის ასეთი – თვითმმართველობა რეალურად არ გვაქვს და ისეთი პირი უჩანს, რომ კიდევ კარგა ხანი არ გვექნება. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ არ აქვს მაინცა და მაინც მნიშვნელობა, ვინ იქნება თელავში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, იმიტომ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობას და მოსახლეობას უყურებს, როგორც ცხვარს. ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რიგი წარმომადგენლები ამ ხედვას ამართლებენ და მართლაც ცხვრებივით იქცევიან. ამის ნათელი მაგალითია თელავის, როგორც თვითმმართველი ქალაქის გაუქმება. ჩვენ ყველას გვახსოვს ვითარება, როცა საკრებულოს ორი კვირით ადრე გადაწყვეტილების მიღებამდე წერილი უნდა გაეგზავნა ცენტრალური ხელისუფლებისთვის, რომ შეენარჩუნებინათ თვითმმართველი ქალაქი თელავი, მაგრამ ორი კვირის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მაინც მხარი დაუჭირეს”, – აცხადებენ აქტივისტები.

აქტივისტები ამბობენ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარ გაგრძელებად მიიჩნევს, ამიტომ მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ, თუ უნდათ, რომ ისევ ცხვარს მისცენ ხმა, ბიულეტინზე მიაწერონ ცხვარი და ის შემოხაზონ.

აქტივისტები მოითხოვენ, რომ ქალაქი თელავი კვლავ თვითმმართველ ქალაქად დარჩეს.