,,დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოდან’’ თელავის მერობის კანდიდატი დავით თუშიშვილი იქნება.

495

თუშიშვილის განცხადებით, თელავის მუნიციპალიტეტში ძირითადი პრობლემები უმუშევრობა და წყალმომარაგებაა, რომელთა მოგვარებას გამარჯვების შემთხვევაში მუშაობის პირველი დღიდან დაიწყებს. ის თელავის თემის საკრებულოს ფრაქცია “ძლიერი მუნიციპალიტეტის” თავმჯდომარეა.

,,ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე კარგად ვიცნობ თელავის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს. ვთვლი, რომ გამაჩნია შესაბამისი გამოცდილება და რესურსი და მინდა დავეხმარო ჩემს რაიონს. თელავში ძირითად პრობლემად რჩება დასაქმება. ამ საკითხის მოგვარების მიზნით, მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში შეგვიძლია შევქმნათ ისეთი ეკონომიური ზონები, სადაც ხილის და სოფლის მეურნეობის პროდუქტის გადამუშავება იქნება წახალისებული ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო მათი ექსპორტი ხელშეწყობილი იქნება უშუალოდ უცხოელი მეგობარი ქალაქებისა და მხარეების მხრიდან. ყველა სოფელში უნდა წახალისდეს სასოფლო–სამეურნეო საკონსულტაციო ცენტრები, რათა მათ სრულფასოვნად უზრუნველყონ მოსახლეობის ინფორმირება სხვადასხვა დაავადებაზე, გასწიონ კონსულტაციები და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ სამ წელიწადში მუნიციპალიტეტმა რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დახარჯა წყალმომარაგების გაუმჯებესებაზე, დღემდე ეს საკითხი კვლავ გადაუჭრელია. ჩემი გამარჯვების შემთხვევში აღნიშნულ საკითხებს შევისწავლი და პროფესიონალების დახმარებით ამ პრობლემებს გადავწყვეტ”, – განუცხადა knews.ge-ს დავით თუშიშვილმა.

თუშიშვილი აქტიური საარჩევნო კამპანიის დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავს.

წყარო: კახეთის ხმა