IRI-მ ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა

809

საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასების ტექნიკური მისია განახორციელა.

IRI-ს წინამდებარე ანგარიში მოიცავს საქართველოში, 2020 წლის სექტებერ-ნოემბრის განმავლობაში, 6 გრძელვადიანი ანალიტიკოსის მიერ გაკეთებულ მიგნებებს არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში. შესაბამისი ტექსტი საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გაავრცელა. „გასული წლის ოქტომბერში, საქართველოს მოქალაქეებმა კენჭისყრაში მონაწილეობა პირველად მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანამ არჩევნების გამჭვირვალეობისა და კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელი რეფორმები გაატარა“, – აცხადებს IRI-ს ევრაზიის დივიზიის დირექტორი სტივენ ნიქსი.

მისივე თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ გატარებული რეფორმები იდეალური არ იყო, ეს იყო მნიშვნელოვანი მიღწევა საქართველოსთვის, რომელმაც წინა წლებთან შედარებით უფრო მეტად დემოკრატიული წინასაარჩევნო პერიოდი განაპირობა“.

მისიის განმავლობაში, გრძელვადიანი ანალიტიკოსები მართავდნენ შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საარჩევნო ადმინისტრაციასთან საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, კამპანიის, საკანონმდებლო ჩარჩოს, პოლიტიკური ინკლუზიისა და მედია გარემოს დემოკრატიულობის შეფასების მიზნით.

საბოლოო ჯამში, მისიის შეფასებით, არჩევნები იყო მეტად მშვიდობიანი, კონკურენტული, მრავალფეროვანი და გამჭვირვალე ვიდრე წინა წლებში. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ COVID19-ის პანდემიის დროს ამომრჩევლის განათლება და მობილიზაცია წარმატებით მოახერხა, გამოვლინდა ადმინისტრაციული ხარვეზები, რომლებიც დამაზიანებელი აღმოჩნდა საარჩევნო პროცესებისთვის.

მისია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციისკენ, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებისა და გაცემული რეკომენდაციებისთვის პრიორიტეტის მინიჭებისკენ. წინასაარჩევნო გარემო იყო უმეტესად მშვიდი და პოლიტიკურად კონკურენტული, ძალადობის რამდენიმე შემთხვევით.

პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს შეეძლოთ, თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, ხოლო მოქალაქეებს ჰქონდათ წვდომა სხვადასხვა პოლიტიკურ მედია საშუალებებსა და ინფორმაციაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, არსებულ კანდიდატებს შორის დებატების სიმცირე და უკიდურესად პოლარიზებული მედიაგარემო იწვევდა საარჩევნო პროცესების ფოკუსირებას პიროვნებებზე და რიტორიკაზე და არა პოლიტიკაზე ან მოქალაქეების საჭიროებებზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამომრჩეველთა ინფორმირებაში. გლობალური პანდემიის ფონზე, ცესკომ გამოავლინა არჩევნების ჩატარებისა და ამომრჩეველთა ხმის მიცემის უფლების უზრუნველყოფისთვის მზაობა. საარჩევნო კომისიამ, მეტწილად, გამოაქვეყნა წესები COVID-19 პანდემიის დროს ხმის მიცემის ალტერნატიული გზების შესახებ. ეს ნაბიჯები უპრეცედენტო და აღსანიშნავი იყო.

თუმცა, ისინი გადაფარა მოსახლეობის მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ უნდობლობამ, რომლებიც აღქმულნი იყვნენ მმართველი პარტიის მხარდამჭერებად. 31 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ, COVID19-ით ინფიცირების მაღალი რისკის მიუხედავად, არჩევნებზე წასვლით, დემოკრატიული პროცესის მიმართ ენთუზიაზმი გამოხატა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მონაცემებზე დაყრდნობით, ამომრჩეველთა აქტივობა 56.1%-ს შეადგენდა, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჩვენებელთან შედარებით 5%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ დაწეული ბარიერის პირობებში, საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად საკმარისი ხმების მიღება შეძლო ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ, თუმცა ბოლო პერიოდში შემცირებული ერთმანდატიანი ოლქები 73 – დან 30 – მდე და საზღვრების დელიმიტაცია, არ შეესაბამება ხმის მიცემის თანაბარი უფლების საერთაშორისო სტანდარტებს“, – აღნიშნულია IRI-ს ტექსტში.

საბოლოო ანგარიში სრულად იხილეთ ბმულზე.