კახეთის გზატკეცილის მე-12 კილომეტრზე არსებული გზაგამტარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.თბილისის მერმა კახა კალაძემ კახეთის გზატკეცილის მე-12 კილომეტრზე არსებული გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
კახა კალაძის თქმით, პროექტი აპრილის ბოლოს დასრულდება და შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა.
„პრაქტიკულად ახალი ხიდი აშენდა. ეს არის აეროპორტამდე მისასვლელი გზა, რომლის რეაბილიტაცია შარშან განვახორციელეთ. ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო, თავისი განათებებით. მხოლოდ ეს მონაკვეთი იყო დარჩენილი, ამის ქვემოთ გადის სარკინიგზო მაგისტრალი და გარკვეული შეფერხებები გვქონდა ამ სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით. პროექტი აპრილის ბოლოს დასრულდება და ორმხრივად გადაადგილებაც შესაძლებელი იქნება. ძალიან კარგი პროექტია და ვფიქრობ, სტრატეგიული მნიშვნელობის გზა არის. აეროპორტში ჩამოსული სტუმრები ამ გზით შემოდიან ქალაქში და ამ ყველაფრის მოწესრიგება იყო მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს კოჭების აღდგენა, ფილების, მისასვლელების და ტროტუარების მოწყობა, ასფალტის საფარის დაგება. რეაბილიტაციის დროს საჭირო გახდა ოთხი ამორტიზირებული კოჭის ახლით შეცვლა, ასევე, განაპირა და შუალედური ბურჯების რეაბილიტაცია. გზაგამტარის ქვედა ნაწილში ძველი საყრდენი კედელი ახლით ჩანაცვლდა.
მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება 1 328 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო და აპრილის ბოლოს დასრულდება.