პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ქვეყანას კიდევ ერთი დაცული ტერიტორია შეემატება

340

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით განსაზღვრულია „მარიამჯვრის“ დაცული ტერიტორიების ფართობი და საზღვრები, რომელიც მოიცავს უკვე არსებულ  მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალს, ასევე ახლადშექმნილ ცივ-გომბორის აღკვეთილს და მთელ ტერიტორიას მიენიჭება ცივ-გომბორის აღკვეთილის სტატუსი და ქვეყანას კიდევ ერთი დაცული ტერიტორია შეემატება, რომლის საერო ფართობი 6 000 ჰექტრამდეა.

„კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ცივ-გომბორის აღკვეთილისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მერქნიანი სახეობები. საქართველოს წითელი ნუსხის ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია მურა დათვი და გვხვდება კეთილშობილი ირემი.

ამასთანავე, აღნიშნულ ფართობებს აქვს საკვანძო მდებარეობა, სადაც მოხვედრილ ტურისტს შესაძლებლობა აქვს, მოხვდეს სოფელ თეთრ წყლებში, შუამთაში, თელავში, წინანდალსა და უძველეს ისტორიულ ქალაქ ჭერემთან; აღკვეთილის ტერიტორიაზე მდებარე „ბებერი კლდის“ მიდამოებში წარმოდგენილია ხელუხლებელი მუხნარი უთხოვრის ქვეტყით, რომლის ანალოგი არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არ მოიპოვება.

აღნიშნულ ტყეებს წელიწადის ნებისმიერ დროს – ზამთარსა და ზაფხულში აქვს თვითმყოფადი მიკროკლიმატი გაჯერებული უარყოფითი იონებით და ფიტოციდებით სადაც არის იდეალური გარემო ვიზიტორების ჯანსაღი დასვენებისა და ჯანმრთელობის აღდგენისათვის. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული ადგილი კლიმატური მნიშვნელობის პულმონოლოგიურკარდეოლოგიურ, ნევროლოგიურ და პროფილაქტიკური მნიშვნელობის საკურორტო ტერიტორიაში შედის. შესაბამისად, ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა ხელს შეუწყობს ზემოთ აღნიშნული ბიომრავალფეროვნების დაცვას და შენარჩუნებას.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.