პარლამენტმა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება მოახდინა

397

პარლამენტმა 82-ხმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება განახორციელა.

პლენარულ სხდომაზე დოკუმენტის რატიფიცირებას ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება უწოდოს. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, მიღებული გადაწყვეტილებით საქართველო გაცილებით უფრო ღირსეული სახელმწიფო ხდება. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით კი, მიღებული დოკუმენტი რეალურ ცხოვრებაში სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისაკენ შეცვლის.

სარატიფიკაციო დოკუმენტი პარლამენტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ წარუდგინა.

“რატიფიცირებით იმ ქვეყნების რიგს ვუერთდებით, რომლებიც უმაღლეს დონეზე აყენებენ ადამიანის უფლებებს და კონკრეტულად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს. რატიფიცირებით ჩვენ ორ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი შშმ პირების უფლებების დაცვის მიმართულებით. ერთი ეს არის ინდივიდუალური საჩივრების განხილვის შესაძლებლობა. იმ შემთხევაში, თუ ისინი ინდივიდუალურ უფლებას ვერ აღადგენენ საქართველოში, სასამართლო ინსტანციებში, შესაძლებლობა ექნებათ, რომ გაეროს კომიტეტში შეიტანონ ინდივიდუალური საჩივარი და ეს საჩივარი იქნება განხილული. ასევე კონვენციის სისტემური და უხეში დარღვევების საიმედო მტკიცებულების გამოკვლევას და რეკომენდაციების მიღებას შეძლებს ქვეყანა გაეროს კომიტეტიდან, რომელიც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან გვექნება მათი, როგორც ექსპერტული მხარდაჭერის უპირატესი შესაძლებლობა, ასევე დამატებითი დოვლათი იქნება ტექნიკური მხარდაჭერა შშმ პირთა უფლებების მიმართულებით“, – განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატურ ოქმით გათვალისწინებულია აღსრულების ისეთი მექანიზმები, რომელიც ინდივიდუალური მიმართვის შესაძლებლობას ანიჭებს ცალკეულ პირებს. შესაბამისად, ეს იქნება ინდივიდუალურად უფლებების დაცვის სრულფასოვანი მექანიზმი, რომლიდან გამომდინარე უფლებებითაც საქართველოს მოქალაქეები აღიჭურვებიან.

“ეს ძალიან მძლავრი ბიძგის მიმცემი იქნება იმ პროცესებისთვის, რასაც ჰქვია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების უმაღლესი სტანდარტით დაცვა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.