პარლამენტმა “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

640

პარლამენტმა “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე 7 პროექტისაგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

აღნიშნული პროექტი ორი მოსმენით წინა მოწვევის პარლამენტმა განიხილა და მიიღო.

პროექტი “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ითვალისწინებს შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმები გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციის, შერბილების ან აღმოფხვრის მიზნით, შემოიღოს მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სამართლებრივი რეგულირება. კერძოდ, კანონის მიზანია გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება, “დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად.

“დამბინძურებელი იხდის“ პრინციპი წარმოადგენს გარემოს დაცვის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს კანონისა და გულისხმობს ფიზიკური ან იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის ვალდებულებას, გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი შემარბილებელი და გამასწორებელი ღონისძიებები და გაიღოს შესაბამისი ხარჯები ანდა აანაზღაუროს გარემოსთვის მიყენებული ზიანი.

აღნიშნული პრინციპის საფუძველზეა აგებული მთლიანად გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ დირექტივა და გამომდინარეობს ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებიდან.

კანონპროექტი განსაზღვრავს კანონის რეგულირების სფეროს და გარემოზე ზიანის მიყენების იმ შემთხვევებს, რომლებზეც არ გავრცელდება კანონის მოქმედება. არეგულირებს ზიანის პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებს, რამდენადაც დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ზიანის პრევენციის საკითხებს. შესაბამისად კანონპროექტს შემოაქვს ახალი მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს გარდაუვალი ზიანის საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში ასეთი ზიანის დადგომის თავიდან აცილებას ან შერბილებას და სხვა რეგულაციებს.