დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძის თქმით ეპიდსიტუაციის დასტაბილურების მიუხედავად, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ვირუსი არ გამქრალა.
„ბოლო ორი თვის განმავლობაში ეპიდსიტუაცია სტაბილურდება. ქვეყანაში ყოველდღიურად იკლებს 100 000 მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის, ჰოსპიტალების დატვირთვის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ანუ ეპიდსიტუაცია გაცილებით გაუმჯობესებულია, თუ მას შეადარებთ დეკემბერს, ნოემბერს, ოქტომბერს, მაგრამ ამავე დროს, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ვირუსი არსად გამქრალა.
ისევ შეინიშნება მოდუნების ნიშნები, პირბადის ტარების მაჩვენებელი 72-დან 62 პროცენტზე ჩამოგვივარდა, რაც ცუდია. პირიქით, უნდა ავწიოთ 95-ზე. მარტო პირბადის ტარების მაჩვენებელი თუ ავწიეთ, არ იქნება საშიშროება, მიუხედავად ამ ახალი შტამების ცირკულაციისა და გარკვეული შემსუბუქებისა. ყველა წესს თუ დავიცავთ, ეპიდსიტუაციას არ გავაუარესებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
პირბადის ტარების მაჩვენებელი 72-დან 62 პროცენტამდე შემცირდა, რაც გამყრელიძეს თქმით ძალიან ცუდია და შეიძება ისევ ცუდი შედეგების წინაშე დავდგეთ. აუცილებელია რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა.
“რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებასთან ერთად, ვაქცინაციის პროცესი ქვეყანას საშუალებას მისცემს, ეპიდემიას წლის ბოლოსთვის წერტილი დაუსვას. პირბადე, დისტანცია, ხელების დაბანა და იმედი მაქვს, რომ მალე ვაქცინაციას დაიწყებს ქვეყანა – ყველაფერი ეს ერთობლიობაში მოგვცემს საშუალებას, რომ მოვერიოთ ამ გამოწვევას, ანუ წლის ბოლოსთვის საქართველოში ეპიდემიას წერტილი დავუსვათ. ამ შეზღუდვებმა ეკონომიკას ძლიერი დარტყმა მიაყენა. საჭიროა, ეკონომიკას ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს, მეორე მხრივ, სასწორის პინაზე დევს ადამიანების ჯანმრთელობა.
დანის პირზე უნდა ვიაროთ და უნდა დავაკვირდეთ, ერთი კვირის თავზე როგორი გვექნება ეპიდსიტუაცია და ამის შემდეგ გადაიდგას მეორე ნაბიჯი. ანუ ყველაფერი უნდა მოხდეს ეპიდსიტუაციის მკაცრი მონიტორინგის და რეგულაციების მკაცრი აღსრულების ფონზე “- აღნიშნა გამყრელიძემ.