სამშენებლო კომპანიებს, რომელებიც დარღვევების გამო მუნიციპალიტეტის მოთხოვნით მშენებლობას არ შეაჩერებენ, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროთ

311

ჩვენ მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული საკანონდებლო პაკეტი არ ითვალისწინებს მხოლოდ ამნისტიას და პატიებას, არამედ აყალიბებს მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს, მომავალში ამგვარი დარღვევების თავიდან არიდების მიზნით, რათა 5-10 წლის შემდეგ კვლავ არ დავდგეთ მსგავსი რეალობის წინაშე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ სამშენებლო დარღვევებზე ჯარიმების რაოდენობა გაიზარდა. „რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა გარკვეული ეფექტი, მაგრამ ფაქტია, რომ ვდგავართ სამშენებლო კომპანიების მხრიდან შეგნებული და მიზანმიმართული დარღვევებისა და მათგან გამოწვეული პრობლემების პირისპირ და სწორედ ამიტომ შემოგვაქვს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

კერძოდ, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ვფიქრობთ, ეს ღონისძიება იქნება ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი მუნიციპალიტეტის ხელში, რომ მომავალში არ მივიღოთ დარღვევით აშენებული ათეულობით და ასეულობით შენობა-ნაგებობები“,- აღნიშნა კალაძემ.