კალაძე: პიკის საათებში ავტობუსებში შეიმჩნეოდა ხალხმრავლობა, შეიძლება დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწიოს

485

პიკის საათებში ავტობუსებში შეიმჩნეოდა ხალხმრავლობა – ვაკვირდებით თუ როგორ წავა ეს პროცესები და შეიძლება, დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწიოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პიკის საათებში საცობები განპირობებული იყო იმით, რომ ძალიან ბევრი კერძო ავტომობილით გადაადგილდება.

“მეორე დღეა უკვე სრულად ამოქმედდა როგორც ავტობუსები, მიკროავტობუსები, ასევე მეტრო. რამდენიმე ლოკაციაზე განსაკუთრებით პიკის საათებში იყო გადატვირთულობა, თუმცა ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ეს ჩვეულებრივი ცხოვრების დროსაც, პანდემიამდეც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა – “სადგურის მოედანი” მაქვს მხედველობაში, სადაც ორი მეტროს სადგური უერთდება ერთმანეთს, ხდება ადამიანების გადასვლა-გადმოსვლა, ეს წარმოადგენდა პრობლემას იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი ადამიანი გადაადგილდებოდა. ასევე პიკის საათებში ავტობუსებშიც შეიმჩნეოდა ხალხმრავლობა, თუმცა დღის განმავლობაში საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს, ძალიან სიხალვათეა ავტობუსებში ასევე, მიკროავტობუსებში. პიკის საათებში ეს ყველაფერი განპირობებული იყო იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი კერძო ავტომობილით გადაადგილდება, იყო საცობები, რაც თავისთავად აფერხებდა ავტობუსის გადაადგილებას და დროულად მისვლას გაჩერებაზე, რაც იწვევდა იმას, რომ გაჩერებებზე ხდებოდა ბევრი ადამიანის თავმოყრა.

ვაკვირდებით თუ როგორ წავა ეს პროცესები და შეიძლება, დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწიოს”, – განაცხადა კახა კალაძემ.