სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონის მოქმედება ერთი წლით ხანგრძლივდება

378

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება.

კანონპროექტის ზოგადი პრინციპები სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა წარადგინა. მისი ინფორმაციით, კანონპროექტით 2020 წლის პირველ იანვრამდე დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საკუთარი წესდებების, კოოპერატივის წევრთა რაოდენობის და პაის ოდენობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანისთვის კანონით განსაზღვრული ვადის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება ხდება.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების უმრავლესობამ COVID-19 პანდემიისა და საყოველთაო შეზღუდვების ფონზე, ვერ შეძლო კოოპერატივების საქმიანობისა და წესდებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა და კოოპერატივების გაერთიანების თხოვნის საფუძველზე, კანონით აღნიშნული ქმედებებისთვის განსაზღვრული 2021 წლის 1-ლი იანვარი, იცვლება 2022 წლის 1-ლი იანვრით.

ამგვარად, წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს, კოოპერატივებს განესაზღვროთ დამატებითი ვადა 2022 წლის პირველ იანვრამდე იმისთვის, რომ მათ წესდებისა და მათი საქმიანობის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა შეძლონ.

კომიტეტის წევრის ხატია წილოსანის განმარტებით, წარმოდგენილ კანონპროექტს უკუძალა ექნება, რაც მისივე თქმით „მნიშვნელოვანია, რადგან იმ ადამიანებს, ვინც ვერ მოასწრო დარეგისტრირება ამ პერიოდისთვის, სანამ ცვლილება ოფიციალურად შევა ძალაში, ექნებათ შესაძლებლობა, რომ იმ უპირატესობით ისარგებლონ, რაც 2022 წლისთვის რეგისტაციის დაშვებას შეეხება“.

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

დღესვე კომიტეტმა, პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლის საკითხზე მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ.

სხდომაზე ეს საკითხიც ნინო წილოსანმა გამოიტანა და განაცხადა, რომ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციიდან გამომდინარე, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში, მიიჩნიეს, რომ ამ ეტაპზე სწორედ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლის საკითხზე შეექმნათ მოკვლევის ჯგუფი.

ჯგუფს კომიტეტის წევრი შალვა კერესელიძე უხელმძღვანელებს, წევრები იქნებიან ნინო წილოსანი და ზაალ დუგლაძე.