ლოტკინზე, კიშინიოვის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

435

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლოტკინზე, კიშინიოვის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თბილისის მერია არსებული პარკების, სკვერების რეაბილიტაციას აგრძელებს, რომ ქალაქში ბევრი მწვანე სივრცე იყოს და არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

„მინდა თბილისელებს ერთ კარგ პროექტთან დაკაშირებით მივაწოდო ინფორმაცია. ლოტკინზე, კიშინიოვის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ახალ პარკებთან, სკვერებთან მიმართებით. ესეც ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ რაც შეიძლება ბევრი რეკრეაციული სივრცე შევქმნათ ქალაქში. ნამდვილად სასიამოვნოა ის, რომ საპარკო კულტურა შემოდის. ზამთრის პერიოდია, მაგრამ უამრავი ადამიანია პარკებში. უამრავი ადამიანი ასეირნებს შვილებს, ვარჯიშობს. ამ პანდემიის პირობებში უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება იმისთვის, რომ საკუთარ ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ არსებული პარკების, სკვერების რეაბილიტაციის თვალსაზრისით, რომ რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე გავაკეთოთ ქალაქში. ბევრი ასეთი ადგილი შევქმნათ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ისარგებლოს. ეს რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას და ამ მიმართულებითაც უკვე გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ლოტკინზე, ახალი რეკრეაციული სივრცე დაახლოებით 6 ათასამდე კვადრატული მეტრზეა მოწყობილი, სადაც დაირგო ახალი ხე-მცენარეები, განთავსდა მოედნები, ტრიბუნები, როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის.

გარდა ამისა, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ადგილზე მოეწყო ველობილიკები, ქვიშის მოედანი, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონი და დასასვენებელი პავილიონი.