ბევრი პროგრამა გვაქვს რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ იმ ოჯახებს ვისაც მართლა უჭირს და არა იმათ, ვისაც 4 საცხოვრებელი ბინა და 4 ავტომობილი ჰყავს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც საცხოვრებელი ფართების დაკანონებაზე ისაუბრა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტი იმ ოჯახებს დაეხმარება, ვინც ნამდვილად შეჭირვებულია და თანადგომა სჭირდება. როგორც კახა კალაძე განმარტავს, საცხოვრებელი ფართების დაკანონება არ ნიშნავს იმას, რომ „მიწა მივიტაცო და შემდეგ პრეტენზია გამოვთქვა, რომ ეს ჩემი საკუთრებაა“.
„თქვენ იცით რომ დაკანონების თემა ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ქალაქში გვყავს ისეთი ადამიანები და ოჯახები, ვინც ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდა კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში და ვერ ახორციელებდა მათ დაკანონებას გარკვეული პრობლემების გამო. ჩვენ ამ პროგრამის განხორციელება დავიწყეთ და 1400-ზე მეტ ოჯახს უკვე მივეცით შესაძლებლობა ერთ ლარად გადაგვეცა საცხოვრებელი ფარები მათ საკუთრებაში.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ მე ავდგე, მიწა მივიტაცო და შემდეგ პრეტენზია გამოვთქვა რომ ეს ჩემი საკუთრებაა და აქ უნდა ავაშენო საცხოვრებელი ფართი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მქონდეს 4 ბინა, 4 ავტომობილი და ასე შემდეგ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. მუნიციპალიტეტი ამას არ დაუშვებს. ბევრი სხვა პროგრამა გვაქვს, რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ იმ ოჯახებს ვისაც მართლა უჭირს და არა იმათ, ვისაც 4 საცხოვრებელი ბინა და 4 ავტომობილი ჰყავს, ღმერთმა ყველას გაუმარჯოს, ყველას 1000 ბინა და მანქანა მისცეს, მაგრამ ამ პროგრამებით ისარგებლებს ის, ვისაც მართლა სჭირდება ჩვენი თანადგომა, მართლა შეჭირვებულია და მუნიციპალიტეტის გვერდში დგომა სჭირდება.
დაკანონებების პროექტს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, მინდა ყველა ოჯახს მივმართო, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, მიმართეთ ადგილობრივ, რაიონულ გამგეობას და გექნებათ სრული ინფორმაცია თუ რა საბუთები და დოკუმენტაციაა საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს კონკრეტული ფართების დაკანონება.
დღეს გვაქვს შესაძლებლობა 66 ოჯახს დავუკანონოთ საცხოვრებელი ფართი, სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადავცეთ ისნის რაიონში. მინდა მივულოცო ამ ოჯახებს“,-აცხადებს კალაძე.