ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველას გავუწიოთ მხარდაჭერა და თანადგომა. ძალიან ბევრჯერ მაქვს ნათქვამი – ვარ ყველას მერი და ჩვენი თანამშრომლებიც ზუსტად ამ მიდგომით არიან, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ არსებული მდგომარეობა. არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ჩვენი მხრიდან ადამიანების დაყოფა პარტიული კუთვნილების, სქესის ან სხვა მიმართულების მიხედვით, – ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალური მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტის მთავრობა მაქსიმალურად დაეხმარება ყველას, ვისაც დახმარება დასჭირდება.
„არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე საუბარი, თუმცა ბოლო დროს ძალიან ხშირად მანიპუილირებენ ამ კონკრეტული თემით კონკრეტული ტელევიზიები, ოპონენტები და ეს არის მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ იმისთვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია ყველა იმ საკითხთან და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მუნიციპალიტეტში მიიღება.
ძალიან ბევრჯერ აღვნიშნე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არსებული სოციალური მდგომარეობა არის გამოწვევა და ჩვენს ბიუჯეტში ეს განსაზღვრულია როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, არავინ ტრაბახობს იმით, რომ ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, ძალიან ბევრ ოჯახს გავუწიეთ მხარდაჭერა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად სოციალურად შეჭირვებული ოჯახები იყოს ქვეყანაში. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ნამდვილად ისიც, თუ რა ხდება მსოფლიოში პანდემიის პირობებში, რომელმაც ბევრი პრობლემა შექმნა ჩვენს ქვეყანაშიც“, – განაცხადა კალაძემ.
მან მოსახლეობას შეახსენა, რომ ბიუჯეტის თითქმის მესამედი სწორედ სოციალური დახმარების პროექტებს მოხმარდება და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც მერიამ უკვე განახორციელა. კალაძემ აღნიშნა, რომ ამ პროგრამებით 2020 წელს 400 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.