გორში დევნილების შესახლებისთვის გათვალისწინებულ შენობას დემონტაჟს ჩაუტარებენ

355

გორის მერიის ინფორმაციით, წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე, საავადმყოფოს ყოფილ შენობას დემონტაჟი ჩაუტარდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

კონსტანტინე თავზარაშვილმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა და აღნიშნა, რომ შენობა, სადაც ხელისუფლება დევნილების შესახელებას აპირებდა, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღდგენას აღარ ექვემდებარება. თავზარაშვილი აღნიშნული დაპირების შეუსრულებლობას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს.

“ნაციონალური მოძრაობის” განმარტებით კი ხელისუფლება აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით თანხებს არაეფექტურად ხარჯავს და ფინანსებს ბიუჯეტში გამოუსადეგარი ობიექტისთვის ითვალისწინებს.

“ამ შენობაში 1 მლნ 100 ათასი ლარია გადახდილი დევნილთა სამინისტროს მიერ. მაშინდელი მინისტრი, სოზარ სუბარი ზარ-ზეიმით აცხადებდა, რომ ამ კორპუსში შესახდებოდნენ და იცხოვრებდნენ დევნილები, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. გორის მერი კი ამ უსახური შენობის დაცვაში ყოველწლიურად 30 ათას ლარამდე ხარჯავს და ქარს ატანს გორელების ბიუჯეტს”,-აცხადებს ბექა ქორჩილავა.