კალაძე იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომელთა მიწის ნაკვეთებსაც, გენგეგმის მიღების შემდეგ სტატუსი შეეცვალა

409

თბილისის მერი, კახა კალაძე იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომელთა მიწის ნაკვეთებსაც, გენგეგმის მიღების შემდეგ სტატუსი შეეცვალა.

კალაძის თქმით, აღნიშნულმა მოქალაქეებმა უნდა მიმართონ დედაქალაქის მერიას განცხადებით და შესაბამისი სამსახურები აღნიშნულ საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო, რომ ქალაქს ჰქონდეს ურბანული განვითარების სწორი გეგმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც მოხდა გენგეგმის მიღება, იყო ისეთი მიწის ნაკვეთები, რომელსაც სხვა ზონები ჰქონდა, ანუ 2019 წლამდე მესაკუთრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე სხვადასხვა ტიპის მშენებლობები განეხორციელებინათ. თუმცა, გენგეგმა გამოვიდა ქალაქის პრიორიტეტებიდან და გვაქვს ისეთი ზონები, რომლებიც შეიცვალა. თუ გუშინ დაშვებული იყო მშენებლობა, არსებული გენგეგმის ფარგლებში მოხდა ზონების ცვლილება. ზოგს რეკრეაციული სტატუსი მიენიჭა, ზოგს რეკრეაციულ-ლანდშაფტური და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მესაკუთრის ინტერესებს ისე, რომ ქალაქის ინტერესები და ურბანული განვითარების ქსოვილი არ დავარღვიოთ. მგონი, არავის გვსიამოვნებს ის, თუ როგორ ქაოტურად მოხდა ბოლო წლების განმავლობაში ქალაქის განვითარება, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის. დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას, ვისაც ეს ქალაქი უყვარს და თბილისზე გული შესტკივა, არ მოსწონდათ ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში. კოეფიციენტების გადამეტება, არასწორი სამშენებლო სამუშაოები, ქალაქის არასწორად განვითარება, კონკრეტულ რეკრეაციულ სივრეებში მშენებლობების დაშვება, ნებართვების გაცემა სპორტული მოედნების ხარჯზე – ეს ყველაფერი კატეგორიულად მიუღებელია.

შესაბამისად, გენგეგმის მიღება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, ჩვენ არავითარ შემთხვევაში, კერძო მესაკუთრის ინტერესებს არ დავარღვევთ. დედაქალაქის მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია და მინდა მივმართო იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გენგეგმის მიღებით გაუუარესდა სტატუსი საკუთარ მიწის ნაკვეთებზე, მათ აუცილებლად უნდა მიმართონ დედაქალაქის მერიას და ჩვენ ვიმოქმედებთ იმ წესებით, როგორც განსაზღვრულია გენგეგმის მიხედვით.

ურბანული სამსახური არქიტექტურის სამსახურთან ერთად გაივლის ამ კონკრეტული მიწის არსებულ სტატუსს, რა იყო გენგეგმის მიღებამდე, რა მდგმარეობაა იქ და თუ არის შესაძლებელი დაუბრუნდეს ძველი სტატუსი. თუ ამ თვალსაზრისით პრობლემა იქნება, ჩვენ მზად ვართ, ადგილმონაცვლეობა განვახორციელოთ. არცერთი შემოსული განცხადება არ დარჩება პასუხგაუცემელი. ყველა განცხადებას ექნება შესაბამისი პასუხი. ამიტომ იაქტიურეთ, ვისაც გაუუარესდა მიწის ნაკვეთების სტატუსი. ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ თქვენს ინტერესებს და არ გვინდა, რომ კერძო მესაკუთრის ინტერესები იყოს დაზარალებული“, – განაცხადა კალაძემ.