ვინაიდან პანდემიის გამო შეზღუდვები დაწესებულია დეკემბერ-იანვრის თვეებში, მეწარმე სუბიექტებს იჯარის გადასახადი მოეხსნებათ ამ თვეებშიც. ასევე, ამავე პერიოდში არ დაეკისრებათ სანქცია-საურავები და მანამდე დაკისრებული სანქცია-საურავების დინებაც შეჩერდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობისა და დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, პანდემიის პირველი ტალღის დროს მერიამ გაავრცელა სხვადასხვა ტიპის შეღავათი მეწარმე სუბიექტებზე, მათ შორის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ღია კაფეების მოიჯარეებზე, რომლებსაც სრულად მოეხსნათ იჯარის გადასახადი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს იყო ზოგ შემთხვევაში სამი, ზოგ შემთხვევაში კი ათი თვე.
„წინა მთავრობის სხდომაზე ვისაუბრე იმის შესახებ, რომ ეკონომიკური სექტორისთვის მოვამზადებდით წამახალისებელ საშეღავათო პაკეტს. ეს დავალება მივეცი ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, ახლა კი მინდა კონკრეტულად ამ პაკეტების შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია.
პირველ რიგში, შეღავათები შეეხებათ მუნიციპალიტეტის მოიჯარეებს. ესენი არიან ეკონომიკური სუბიექტები, რომლებსაც მერიისგან ან მერიის საკუთრებაში არსებული საწარმოებისგან იჯარით აქვთ აღებული ფართები, სხვადასხვა სახის უძრავი ქონება და მისი მეშვეობით ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას.
ვინაიდან პანდემიის გამო შეზღუდვები დაწესებულია დეკემბერი-იანვრის თვეებში, ამ სუბიექტებს იჯარის გადასახადი მოეხსნებათ ამ თვეებშიც. ასევე, ამავე პერიოდში არ დაეკისრებათ სანქცია-საურავები და მანამდე დაკისრებული სანქცია-საურავების დინებაც შეჩერდება.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ თუ მუნიციპალიტეტის ქონება ქვეიჯარით არის გაცემული, ზემოთ აღნიშნული შეღავათები უნდა გავრცელდეს ქვემოიჯარეებზეც. სწორედ ამ პირობით მიიღებს შეღავათს მოიჯარე.
შემდეგი შეღავათი ეხებათ კვების ობიექტებს. მოგეხსენებათ, რესტორნები და სხვა კვების ობიექტები ადგილზე გასცემენ ან მიწოდების სერვისს ახორციელებენ და სტუმრებს ვერ მასპინძლობენ. შესაბამისად, ამ პერიოდში, მათთვის დასუფთავების მოსაკრებელი საკონდიტროებისთვის დაწესებული მოსაკრებლის ოდენობის იქნება, რაც რვაჯერ ნაკლებია.
რაც შეეხება იმ ობიექტებს, რომლებიც საერთოდ ვერ ფუნქციონირებენ, შეუძლიათ განცხადებით მიმართონ „თბილსერვის ჯგუფს“ და ამ პერიოდში მთლიანად მოეხსნებათ დასუფთავების მოსაკრებელი.
შემდეგი შეღავათი ეხება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ჯიხურებს. თუ ამ ობიექტებს გასული აქვთ საიჯარო ვადა, რაზეც ეკისრებათ ჯარიმა 8 000 ლარის ოდენობით, ასევე, გასულია არქიტექტურული ნებართვის ვადა, რაც ასევე 8 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. მათ გაუგრძელდებათ ეს ორივე ვადა 1-ელ ივლისამდე. ამის თაობაზე ჩვენ უკვე მივმართეთ ცენტრალურ მთავრობას და მათი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, ეს შეღავათი ეხება იმ სამეწარმეო სუბიექტებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ მუნიციპალიტეტისგან იჯარით აღებული პავილიონების, იგივე ჯიხურების მეშვეობით.
მინდა ვთხოვო ირაკლის, რომ დეტალური ინფორმაცია შეღავათების პირობების შესახებ წერილობით განათავსეთ მერიის ვებგვერდზე, რათა ყველასთვის ნათელი იყოს ეს პირობები.
ჩვენ დღესვე მივმართავთ საკრებულოს, რომლის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. აღნიშნული შეღავათების ჯამური ღირებულება არის 3 მლნ ლარზე მეტი. ეს არის ის თანხა, რომელსაც არ მიიღებს მუნიციპალიტეტი და უარს განაცხადებს მეწარმეთა სასარგებლოდ. აღნიშნული შეღავათი შეეხება ჯამში 3 000-მდე მეწარმე სუბიექტს“, – განაცხადა კახა კალაძემ.