კალაძე: ქონების უკანონო მიტაცება მიუღებელია, ხვალ შეიძლება ვინმემ კერძო საკუთრებაში განათავსოს შენობა

362

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ქონების უკანონოდ მიტაცება და მასზე შენობა-ნაგებობების განთავსება მიუღებელია, რადგან ხვალ შეიძლება ვინმემ კერძო საკუთრებაში განათავსოს მსგავსი შენობა-ნაგებობა და თქვას, რომ მისი საცხოვრებელია.

“ქონებების უკანონოდ მიტაცება და მათზე უკანონოდ შენობა-ნაგებობების განთავსება კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. არ დავუშვებთ იმიტომ, რომ ხვალ შეიძლება კერძო საკუთრებაში ვიღაცამ განათავსოს ამდაგვარი შენობა-ნაგებობა და რა თქმა უნდა, თქვას, რომ ეს არის ჩემი საცხოვრებელი ადგილი. ეს დამოკიდებულება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიუღებელია ჩვენთვის და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. ადამიანს თუ თავშესაფარი უჭირს, ეს რა თქმა უნდა, ვერ გაამართლებს მისი მხრიდან სახელმწიფო ქონების მიტაცებას, ან უნებართვო მშენებლობის განხორციელებას”, — განაცხადა მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

დღეს მერიის გადაწყვეტილებით თვალჭრელიძის ქუჩაზე უნებართვოდ აშენებული სახლები დაანგრიეს.

18 დეკემბერს თბილისის მერიაში განაცხადეს, რომ სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო მიწაზე 7 უკანონო მშენებარე შენობა-ნაგებობა დააფიქსირეს. მათი ინფორმაციით, ინსპექციის თანამშრომლებმა, ვინაიდან მაცხოვრებლები ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ, ობიექტებზე გამაფრთხილებელი მოთხოვნები გამოაკრეს და იქ მაცხოვრებლებს მოუწოდეს, განეხორციელებინათ მშენებლობების დემონტაჟი. წინააღმდეგ შემთხვევაში კი თბილისის მუნიციპალური ინსპექცია შენობა-ნაგებობების დემონტაჟს აანონსებდა.