“მე მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი უზრუნველვყო. რაც სჭირდება კახა კალაძეს, რა თქმა უნდა, ის ხარჯავს ხარჯავს საკუთარს”, — ასე უპასუხა თბილისის მერმა ჟურნალისტების კითხვას, საიდან იღებს თანხას, რომელიც მის პიარზე იხარჯება. კალაძე სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მერიამ ამისთვი 3 წელში 11,5 მილიონი დახარჯა. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.
კალაძის განმარტებით, ეს თანხა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უწყებისთვის დახარჯა. კერძოდ, როგორც მერიაში განაცხადეს , ა(ა)იპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო, რომელზეც ეს თანხა იყო გამოფოფილი, ემსახურება მერიის:
- 13 სტრუქტურულ ერთეულს (მათ შორის საქალაქო სამსახურებს);
- 10 გამგეობას;
- 5 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს;
- 73 არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;
- 43 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას.
რაც შეეხება კალაძის პიარს, პრესსამსახურის განმარტებით, სოციალურ ქსელში და კალაძის გვერდზე რაც იბუსტება, ყველა ხარჯს ის თავად იხდის.
“ჩემს პიარში არ იხარჯება. კახა კალაძეს პიარი არ სჭირდება. აქ არის თანამშრომლები, რომლებიც ემსახურებიან 10 გამგეობას, 12 საქალაქო სამსახურს და პლიუს ყველა აიპის და სსიპებს, რომელიც მუნიციპალიტეტში არის”, — განაცხადა მერმა.
გარდა ამისა, კალაძემ აღნიშნა, რომ ქალაქის განათებაში 3 მილიონი ლარი არ დახარჯულა. მისი თქმით, განათებებზე დახარჯულია, დაახლოებით, 700 ათასი ლარი.
“ეს არის ახალი ნაძვის ხის მორთულობისთვის საჭირო ყველა პროდუქტის შეძენა. გარდა ამისა, ხეებზე დახვეულ ე.წ. სტრინგებს რასაც ხედავთ, ეს ყველაფერი არის ამ თანხით შეძენილი. ამას დაემატება კონცერტებთან დაკავშირებული თანხები. ჩვენ გვექნება 3 კონცერტი”, — განაცხადა მან.
როგორც მერიაში განაცხადეს, 2021 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში 986 524 ლარი დაიხარჯა.