თბილისის მერიასთან „ლეიბორისტული პარტიის“ ორგანიზებით აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქციის წევრებმა ადგილზე წვნიანი და პური მიიტანეს, რომელსაც მათი განცხადებით, თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას ლარად და 30 თეთრად აჭმევს.
“ლეიბორისტული პარტიის” წევრის მიხეილ ქუმსიშვილის განცხადებით, კომპანია რომელიც პასუხისმგებელია, რომ მთაწმინდასა და კრწანისში მოქალაქეებს აჭამოს, 2017 წელს უკვე დაჯარიმებულია იმისათვის, რომ ულუფიდან ხორცს იპარავდა.
“მოვიტანეთ სუპი, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე აჭმევს მოსახლეობას ლარად და 30 თეთრად. გვინდოდა მიგვეტანა მისთვის, რათა თვითონ შეჭამოს და ნახოს ეყოფა თუ არა ეს. გვინდა ეს დავტოვოთ მერიაში წერილთან ერთად სადაც წერია, რომ მოგიტანეს ის რასაც აჭმევთ ხალხს და თუ შეიძლება თქვენც მიირთვით. ამ ულუფას კახი კალაძე ყოველდღიურად აჭმევს სოციალურად დაუცველებს, ახლა გამოიტანეს ახალი ტენდერები. კომპანია, რომელმაც გაიმარჯვა მთაწმინდასა და კრწანისში და პასუხისმგებელია, რომ მოქალაქეს აჭამოს, უკვე დაჯარიმებულია 2017 წელს იმისათვის, რომ ულუფიდან იპარავდა ხორცს. ახლა მოიგო იმიტომ, რომ ეს კომპანია „ქართული ოცნების“ შემომწირველია. ასეთ კორუფციაში ვართ, ხალხის ხარჯზე ხდება ყველაფერი ამ ქვეყანაში”, – აღნიშნა მიხეილ ქუმსიშვილმა.