თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ის 3 500 მოქალაქე, რომელიც უფასო სასადილოს პროგრამის რეგისტრაციის მოლოდინში იყო, მოლოდინის რეჟიმი განულდება და ისინი უფასო სასადილოთი სარგებლობას შეძლებენ.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ასეთ რთულ ვითარებაში თითოეული მოქალაქისთვის მერიის მხარდაჭერა პრიორიტეტულია.
„იცით, რომ გვაქვს პროგრამა უფასო სასადილოების სახით, სადაც ვეხმარებით იმ ადამიანებს, იმ ოჯახებს, ვისაც მართლაც ძალიან უჭირთ და ძალიან მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ამ პროგრამებს ადამიანები ელოდებიან. ჩვენ, აღნიშნული პროგრამით ვაკმაყოფილებთ 40 000-მდე ბენეფიციარს, დაახლოებით 3 500 ადამიანი არის მოლოდინის რეჟიმში, რომ ჩაჯდეს ამ პროგრამაში და ისარგებლოს უფასო სასადილოებით. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომლოდინე ადამიანების რაოდენობა გავანულოთ და ამ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მათაც მიეცემათ, ეს 3 500 მოქალაქე მიიღებს ამ სერვისში მონაწილეობას და ექნებათ შესაძლებლობა უფასო სასადილოებით ისარგებლონ. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ რთულ ვითარებაში ამ ქალაქის თითოეული მოქალაქისთვის ჩვენი მხარდაჭერა პრიორიტეტულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.