ფლანგვის დეტექტორი: პანდემიის დროს 12-მა მუნიციპალიტეტემა ატრაქციონების შესაძენად 2,2 მლნ ლარზე მეტი დახარჯეს

517

პანდემიის პერიოდში 12-მა მუნიციპალიტეტმა ატრაქციონების შესაძენად 2,2 მლნ ლარზე მეტი დახარჯეს. მათ შორის ყველაზე მეტი თანხა – 800 000 ლარი, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გადაიხადა. გორის მერიის შემდეგ მოდის თბილისის მერია, რომელმაც ატრაქციონების შესაძენად 2 შესყიდვა განახორციელა და საერთო ჯამში 647,195 ლარი დახარჯა, – თემაზე კვლევას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

“ფლანგვის დეტექტორის” ცნობით, შემდეგ მოდის ბათუმის მერია, რომელმაც 646 ათასი ლარი დახარჯა, ხოლო ფოთის მერიამ – 299 ათასი ლარი. ატრაქციონებისთვის 2.2 მილიონი ლარი ჯამში 12-მა ადგილობრივმა თვითმმართველობამ გაიღო.

“მას შემდეგ რაც საქართველოში ჩOVID 19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა სახელმწიფო შესყიდვების გზით 2,208,383 ლარი დაიხარჯა ატრაქციონების შესაძენად.

პანდემიის პერიოდის განმავლობაში ატრაქციონების შეძენა 12-მა მუნიციპალიტეტმა განახორციელა. მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით თანხები გორის მერიამ დახარჯა, რომელმაც 800,000 ლარის ატრაქციონები შეიძინა.

გორის მერიის შემდეგ მოდის თბილისის მერია, რომელმაც ატრაქციონების შესაძენად 2 შესყიდვა განახორციელა და საერთო ჯამში 647,195 ლარი დახარჯა.

თბილისის მერიამ 337,995 ლარის ღირებულების ხელშეკრულება “შპს გრინსერვის +”თან (406030370) გააფორმა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის დამფუძნებელი ლაშა ფურცხვანიძე ძველი თბილისის ყოფილი გამგებელია, ხოლო მეორე დამფუძნებელი კობა ხარშილაძე მისი მოადგილე. ორივე მათგანი 2013 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს. კომპანიას დღემდე 43,256,287 ლარის ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული.

ხარჯების სიდიდით ბათუმის მერია თბილისის შემდეგ მოდის. ამ შემთხვევაში შესყიდვა განახორციელა ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, რომელიც ბათუმის მერიის მიერ არის დაარსებული. აღნიშნულ ა(ა)იპ-ი 2020 წელს 1,879,100 ლარით დაფინანსდა. დაფინანსების 70% მასში დასაქმებული 80 თანამშრომლის შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა. ბათუმში კარუსელებისა და საქანელების შესყიდვა ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში განხორციელდა, რის შედეგადაც ბიუჯეტიდან 645,814 ლარი გამოიყო.

შემდეგ ადგილს ფოთის მერია იკავებს, რომელმაც ივლისსა და ნოემბერში ატრაქციონების შესაძენად 298,882 ლარი დახარჯა.

აღსანიშნავია ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, რომელთა ფონზეც მოხდა ატრაციონების შეძენა. საქართველოში კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 9 თვეზე მეტი გავიდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ დროებით შეაჩერა ქვეყანაში პანდემიის გავრცელების მაჩვენებელი. თუმცა, ქვეყანაში საერთო მაჩვენებელმა 2020 წლის 23 ნოემბრის მონაცემებით ჩინეთსაც გადაუსწრო. საქართველოში საერთო ჯამში დაფიქსირებულია 108,690 შემთხვევა, რაც 22,248-ით აღემატება თავად ჩინეთის მაჩვენებელს.

COVID-19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილია მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. ანტიკრიზისული ბიუჯეტის თანახმად, მთავრობის პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 19,5% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვევით იმყოფება,” – წერს ფლანგვის დეტექტორი.