თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის 2021 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა საკმარისი არ იქნება, თბილისის მერია ამ თანხას გაზრდის. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის საკრებულოს დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტის პროექტი წარედგინება.
„ეს თანხა მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ კვებაზე. აქ არ შედის არანაირი გადასახადები. ბენეფიციარებს საკვები პროდუქტები სახლში მიეწოდებათ, ვინც ამას ითხოვს. გვყავს ამისთვის ჯგუფები. არიან ადამიანები, ვისაც უჭირს მოსვლა, მისთვის პრობლემას წარმოადგენს და რა თქმა უნდა, მათ პროდუქტებს სახლში მივაწოდებთ. ჩვენ თუ ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რაც სასადილოებს ბენეფიციარების გამოკვებისთვის სჭირდებათ, რა თქმა უნდა, თანხა დაემატება, არანაირი პრობლემა არ არსებობს. პირველადი ბიუჯეტი, რომელიც საკრებულოში იყო წარდგენილი, არ არის საბოლოო ბიუჯეტი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გავაკეთე განცხადება, მაინც მიზანმიმართულად ხდება ინტერპრეტაცია, თითქოს ეს არის საბოლოო ბიუჯეტი. ბიუჯეტი გაიზრდება და მომდევნო დღეების განმავლობაში თქვენ ამის მომსწრე იქნებით“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, დედაქალაქის ბიუჯეტის პირველადი ვერსიით, თბილისის უფასო სასადილოების თითოეული ბენეფიციარის კვებისთვის დღიურად 1,30 ლარია გამოყოფილი.