ნარმანია: მოქალაქეებს ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაეზრდებათ

399

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მოქალაქეებს ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაეზრდებათ მათ შორის, არც 2021 და 2022 წლებში.

როგორც დავით ნარმანიამ შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფის ზრდის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა, კომერციულ სექტორში გაზის ტარიფის ზრდა სემეკთან შეთანხმებას არ საჭიროებს. ხოლო, რაც შეეხება საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ნაწილს, ბუნებრივი გაზის ტარიფი სემეკის მიერ 3 წლის ვადითაა დადგენილი და შესაბამისად, ამ პერიოდში ტარიფის ზრდა არ მოხდება.

„ბუნებრივი აირის საყოფაცხოვრებო ტარიფი ერთი წლის წინ დავადგინეთ სამ წლიანი ვადით, რაც ნიშნავს, რომ 2021 და 2022 წლებში მოქალაქეებს ბუნებრივი აირის ტარიფი არ გაეზრდებათ.

კომერციულ სექტორში გაზის ფასი დერეგულირებულია მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე და არ საჭიროებს კომისიასთან შეთანხმებას. შესაბამისად, უბრალოდ ინფორმაციის სახით გვაცნობა კომპანიამ ამ გადაწყვეტილების შესახებ“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ცნობისთვის, 3 იანვრიდან შპს“ თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება 24 თეთრით ეზრდებათ და ერთ კუბურ მეტრზე 86 თეთრის ნაცლად, ერთი ლარით და 10 თეთრით განისაზღვრება. კომპანიაში აღნიშნულის მიზეზად ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებენ.