ადამიანებს, რომლებიც თბილისის მერის, კახა კალაძის უკანონო, ზეპირი გადაწყვეტილების მსხვერპლნი არიან, პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ უფასო იურიდიულ მხარდაჭერას და მათი კონსტიტუციური უფლებების აღდგენას სთავაზობს, – ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კალაძემ ქვეყნის კონსტიტუციისა და სხვა კანონმდებლობის უხეში დარღვევით ფეხქვეშ გათელა ადამიანების უფლება, ჰქონდეთ საცხოვრისი.
ტუსკაძე ხელისუფლებას გარკვეული მორატორიუმის გამოცხადებას სთავაზობს.
„თბილისის მერმა გამოაცხადა, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც უკანონოდ აქვს აშენებული საცხოვრისი მიწებზე, რომლებიც ახლა სახელმწიფო საკუთრებაშია, სახლები უნდა დაენგრეს. ეს უნდა გაკეთდეს ყოველგვარი მოკვლევის გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ არავინ დაინტერესდება, ვინ, რატომ და როდის ააშენა შენობა, აქვს თუ არა მას სხვა საცხოვრისი, აქვს თუ არა რამე სხვა ინტერესი, ცხოვრობს თუ არა მოცემულ ნაგებობაში და ა.შ. მერმა უბრალოდ გამოაცხადა, რომ ყველა სახლი უნდა დაინგრეს“, – აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.
მისივე განმარტებით, არსებობს შენობა-ნაგებობები, რომელიც მართლა დასანგრევია, თუმცა არსებობს ხალხი, რომლის საქმეც აღიარებითმა კომისიამ უნდა განიხილოს და რეალური საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საჯარო რეესტრმა საკუთრება მფლობელს დაუკანონოს.
„ასე არ ხდება, ბატონო მერო! ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვა. მეც კარგად ვიცი, რომ არის ადგილები, სადაც შენობა-ნაგებობები ნამდვილად უნდა დაინგრეს. ეს ის შემთხვევებია, როდესაც ადამიანებმა მეექვსე, მეშვიდე სახლი ააშენეს. მაგრამ მეორე მხრივ, სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ადამიანების უსახლკაროდ დატოვება ასე უსამართლოდ, ყოველგვარი გამოკვლევებისა და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე არ უნდა მოხდეს.
გვინდა, შევთავაზოთ ხელისუფლებას გამოაცხადოს გარკვეული მორატორიუმი. ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ პროცესში და გავმიჯნოთ ის სახლები, რომლებიც მართლა დასანგრევია იმ შენობებისგან, რომლის დანგრევაც არ შეიძლება, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები იქ ცხოვრობენ და ეს მათი ერთადერთი საცხოვრისია. ასეთ ადამიანებს ხელი უნდა შევუწყოთ, გავიტანოთ მათი საქმე აღიარებით კომისიაზე და დავუკანონოთ საცხოვრებელი, ან მოვძებნოთ სხვა გამოსავალი, რომ ადამიანები არ დავტოვოთ ქუჩაში. ბუნებრივია, მანამდე ყველაფერი უნდა გამოვიკვლიოთ. დღესაც მოქმედებს კანონი, რომლის საფუძველზეც ხდება უკანონოდ მიტაცებული მიწებისა და იმ შენობა-ნაგებობების დაკანონება, რომელიც აშენებულია 2010 წლამდე. ვფიქრობ, შესაძლებელია, თარიღის გადაწევა 2015 წლამდე. თითოეული საქმის შესწავლა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მართლა სხვა ინტერესების გამო აქვთ აშენებული ნაგებობები, აღსრულება უნდა მოხდეს პროცედურების სრული დაცვით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ყველა ინსტანციის გავლით. ასეთია სამართლებრივი სახელმწიფო.
ახლა, როდესაც ასე ხელაღებით ხდება ზეპირი განკარგულების გაცემა, გვიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ეს ვიღაცის ბიზნესინტერესია. ვიღაცას სურს, გათავისუფლდეს ტერიტორიები მათი სამშენებლო ბიზნესის საწარმოებლად. თქვენ კარგად იცით, ბატონო მერო, ვისი სახელი ასოცირდება სამშენებლო ბიზნესთან. არ დავასახელებ იმ ადამიანებს, რომლებიც აღნიშნულ ბიზნესში მონოპოლისტები არიან. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო იმ ხალხს, ვინც ამ განკარგულებით დაზარალდება, დაგვირეკონ, ან მობრძანდნენ ჩვენი პოლიტიკური მოძრაობის ოფისში, გაგვაცნონ მათი მდგომარეობა და უსასყიდლოდ მიიღონ ჩვენგან იურიდიული მომსახურება“, – აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.