სამადაშვილი: თუ მოლაპარაკებები დასრულდა უშედეგოდ, არავინ შევა პარლამენტში, სიას გავანულებთ

367

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, თუ ელჩების შუამავლობით ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, ისინი პარლამენტში არ შევლენ და სიასაც გააუქმებენ. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

“თუ მოლაპარაკებები დასრულდება უშედეგოდ, არავინ არ აპირებს და არც განიხილავს ამ პარლამენტში შესვლას. ამისთვის არსებობს შესაბამისი პროცედურები, რომლითაც ჩვენ არამხოლოდ უარს ვიტყვით, ყველა ის დეპუტატი, ვინც გასული ვართ პარლამენტში, არამედ სიის განულება ნიშნავს იმას, რომ სია აღარ იარსებებს და აღარ იარსებებს არანაირი შემდეგი პოტენციური დეპუტატი”, — განმარტა სამადაშვილმა.

31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათ უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა და არ აპირებენ პარლამენტში შესვლას.

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც “ქართულ ოცნებაში” განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.