30 წელია ჩვენი ქვეყანა ტრიალებს ერთ სპირალზე, ყალბდება არჩევნები და პოლიტიკური ოპოზიცია, მიუხედავად ამისა, მაინც შედიოდა უკეთესი არჩევნების იმედით პარლამენტში, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გერმანიის ელჩის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს“.
უგულავას თქმით, სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს, პოლიტიკური ოპოზიცია არ აპირებს სიყალბეში მონაწილეობას.
„არც ერთი შემდგომი არჩევნები არ ყოფილა უკეთესი. 2018 წელს ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების მხრიდან დაპირება, რომ გამოსწორდებოდა სიტუაცია და 2018 წლის მეორე ტურზე გაცილებით უარესი, სამარცხვინო არჩევნები მივიღეთ. ამიტომ, სწორედ, რომ დრო არ დავკარგოთ, იმისთვის, რომ ხარისხობრივად ახალი არჩევნები მივიღოთ, სწორედ იმის გამო, რომ არჩევნები ერთხელ და სამუდამოდ არ იყოს სტიგმატიზებული გაყალბებით, პოლიტიკური ოპოზიცია არ აპირებს ამ სიყალბეში მონაწილეობას,“- განაცხადა გიგი უგულავამ.
ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს“.
„არ შეიძლება იმის თქმა, რომ – „შეიძლება არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს და მაშინ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში“, არამედ ახლა უნდა იმუშაოს ყველამ იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია უკეთესი გახდეს და ქვეყანა გამოწვევებს გაუმკლავდეს“,-განაცხადა ელჩმა.
ჰუბერტ ქნირში ფიქრობს, რომ ძალიან კარგია ის მოლაპარაკებები, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფასილიტატორების ჩართულობით ტარდება.