კალაძე: ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებას არცერთი თეთრი არ მოჰკლებია

324

პანდემიის პირობებში, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ბიუჯეტით განსაზღვრული ფინანსები უცვლელი დარჩა და მას თანხები არ მოჰკლებია. ამის შესახებ თბილისის მერმა „ფეისბუქ მიმართვისას“ განაცხადა.

კახა კალაძემ უსაფუძვლო უწოდა ოპონენტების კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ საახალწლო განათებების ხარჯები, თითქოს, მერიის სოციალურ პროგრამებს მოაკლდა.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დედაქალაქის მერია ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებებს უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს.

„ძალიან ბევრი იწერება იმაზე, რომ იმ თანხებით, რაც საახალწლო განათებაზე იხარჯება, დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ერთადერთი მიმართულება ამ რთულ ვითარებაში და პანდემიის პირობებში, რომელსაც არ შევხებივართ, არის ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. ჩვენ გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების გადაწევა, დაფინასების შეჩერებაც მოგვიწია, რადგან ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, იყო სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები, ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებას არცერთი თეთრი არ მოჰკლებია. ბიუჯეტის 30 პროცენტი – 350 მილიონი ლარი იხარჯება ამ მიმართულებით. არასდროს მითქვამს და არ მიყვარს ამაზე საუბარი, თუმცა, უამრავ პროგრამას ვაფინანსებთ. პირადად მე, ჩემი შესაძლებლობებით, უამრავ ადამიანს ვეხმარები, არა მხოლოდ მე და მუნიციპალიტეტი, არამედ სახელმწიფო, ხელისუფლება, რომ გვერდში დავუდგეთ იმ ოჯახებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. ამდენად, რაც გვაქვს დაგეგმილი, რომ საახალწლოდ ქალაქი იყოს გალამაზებული, ბავშვებს გავულამაზოთ ახალი წლის დღეები, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ და არ წავართმევთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ახალ წელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ეპიდემიის გამო განსხვავებულ ფორმატში იგეგმება საახალწლო ღონისძიებები.

„საახალწლო ღონისძიებებზე ცოტა მოგვიანებით მოგვიწევს საუბარი. არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, განსხვავებულ ფორმატში მოგვიწევს ამის გაკეთება. რაც მთავარია, ჩვენი ქალაქი იქნება ყველაზე გალამაზებული, განათებული, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ ყველაფერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.