„სამართლიანი არჩევნები“ პარტიებს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ ამომრჩევლებს, არ შეუქმნან არაკომფორტული და მტრული გარემო საარჩევნო უფლების განხორციელებისას

416

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს, რომელიც 21 ნოემბერს იმართება, 17 მაჟორიტარულ ოლქში 35 მობილური ჯგუფის საშუალებით დააკვირდება, – ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია მეორე ტურზე ლიმიტირებული იქნება, უკონკურენტო საარჩევნო გარემოსა და კორონავირუსის შემთხვევების დრამატულად ზრდის მიზეზების გათვალისწინებით.

„როგორც ცნობილია, ოპოზიციურმა პარტიებმა უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსი არჩევნების მეორე ტურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურის მოხსნის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს და საარჩევნო ბიულეტენში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი იქნება მოცემული, ოპოზიციური პარტიების მიერ პარლამენტის ბოიკოტი და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმა მნიშვნელოვნად აზრს უკარგავს საარჩევნო უბნებზე არჩევნების პროცესის დაკვირვებას. ამასთან, კოვიდ-ინფექციით ინფიცირებულთა მზარდი სტატისტიკის ფონზე ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი პრობლემების გათვალისწინებით, დამკვირვებელთა მთელი დღის მანძილზე საარჩევნო უბანზე ყოფნა მათ ჯანმრთელობას გაუმართლებელ რისკებს უქმნის.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემით გამართულ ნაწილში 30 მაჟორიტარული ოლქიდან პირველ ტურში გამარჯვება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ 13-მა კანდიდატმა მოიპოვა, შესაბამისად, დარჩენილი 17 მანდატის მოსაპოვებლად მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო. მეორე ტურში მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

მეორე ტური ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზეა დანიშნული, რომლებიც უარს აცხადებენ როგორც პარლამენტში შესვლაზე, ასევე მეორე ტურებში მონაწილეობაზე. ოპოზიციური პარტიების მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება ძირითადად გამოიწვია 31 ოქტომბრის კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილმა დისბალანსმა, გადასწორებულმა შემაჯამებელმა ოქმებმა და საუბნო კომისიის წევრების ზეპირი ახსნა-განმარტებების საფუძველზე შედგენილმა შესწორების ოქმებმა, რომლებთან დაკავშირებული საჩივრების კრიტიკულად მაღალი რაოდენობა საოლქო საარჩევნო კომისიების და სასამართლოების მიერ არ დაკმაყოფილდა ან განუხილველი დარჩა. საარჩევნო ადმინისტრაციის უარმა, გადაეთვალა პრობლემური საარჩევნო უბნები, კიდევ უფრო გაამყარა ეჭვები შედგენილი შესწორების ოქმების სანდოობასთან დაკავშირებით და გაამძაფრა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი.

სამართლებრივი გზებით პრობლემის მოგვარების შესაძლებლობის არ გამოყენების შემდეგ, შექმნილი ჩიხური სიტუაციიდან ქვეყნის გამოყვანის მიზნით, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდა. მხარებს შორის, უცხოელი ელჩების ფასილიტაციით, ორი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მეორე ტურამდე შეთანხმება არ იქნა მიღწეული.

საჩივრების არასამართლიანი განხილვის ფონზე, 8 ნოემბერს, ოპოზიციის მიერ ცესკო-სთან გამართული საპროტესტო აქციის დასაშლელად სამართალდამცავმა ორგანოებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს, მიუხედავად იმისა, რომ აქცია დასაწყის ფაზაში იყო და შეკრების და მანიფესტაციის კანონიერ ფორმას არ გასცდენია. აღნიშნული „სამართლიანი არჩევნების“ მიერ შეფასდა, როგორც არაპროპორციული ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

9 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სამი სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს, რომლებსაც აქციაზე გასათბობად შეშა მიჰქონდათ. მათგან ორი პირი სასამართლოს მიერ დაჯარიმდა, ხოლო ერთს 3 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.

7 ნოემბერს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გარდაიცვალა. იმავე დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი ხელაშვილმა ბრიფინგი გამართა და თავმჯდომარის გარდაცვალება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირა. მისი თქმით, წინა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე, მათ შორის ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლა განახორციელეს. მან სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა „ამ მიმართულებით“ გამოძიების დაწყებისკენ. იმავე დღეს პოლიციამ აღნიშნულ საქმეზე ქრთამის მიცემის, ჯგუფურად ჩადენილი მუქარისა და ჯგუფური იძულების ბრალდებით ორი პირი – აკაკი ხორბალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავა, რომლებსაც საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება ჰქონდათ. ისინი გარდაცვლილის ახლო მეგობრები არიან. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ადვოკატების თქმით, მათ დაკავებას პოლიტიკური სარჩული აქვს, ხოლო დაკავებულები ბრალდებას მათ მიერ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში საარჩევნო დარღვევებზე საუბარს უკავშირებენ.

არჩევნების მეორე ტურის წინ ოპოზიციური პარტიის ოფისების დაზიანების ორი ფაქტი დაფიქსირდა. 16 ნოემბერს, გლდანში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბი დაიწვა. კანდიდატის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ოფისის ფანჯრები გამიზნულად ჩაამსხვრიეს, „მოლოტივის კოქტეილები“ ესროლეს და ცეცხლი განგებ წაუკიდეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

15 ნოემბერს, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ჩაამსხვრიეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. 19 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დანაშაულებრივ ქმედებაში მხილებულია ერთი პირი, რომელიც ბრალს აღიარებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე, „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, ხელი არ შეუშალონ ამომრჩევლებს და არ შეუქმნან არაკომფორტული და მტრული გარემო საარჩევნო უფლების განხორციელებისას.

„21 ნოემბერს მეორე ტური პოლიტიკური კრიზისისა და ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდება. მიუხედავად არსებული ვითარებისა, მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის კონსტიტუციური უფლება – ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს. „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, ხელი არ შეუშალონ ამომრჩევლებს და არ შეუქმნან არაკომფორტული და მტრული გარემო საარჩევნო უფლების განხორციელებისას“, – აღნიშნულია განცხადებაში.