დეკანოიძე: ამერიკელი პარტნიორების მხრიდან იყო რჩევა, ხომ არ სჯობს, რომ საპარალმენტო ტრიბუნა გამოვიყენოთ, თუმცა ავუხსენით, რომ ჩვენ არ გვაქვს დემოკრატიული ინსტიტუტი – პარლამენტი

352

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, გუშინ გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ფილიპ რიკერმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ურჩია, ხელისუფლებასთან დიალოგისთვის საპარლამენტო ტრიბუნა გამოყენებინათ.

როგორც დეკანოიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, მათ რიკერს არგუმენტებით აუხსნეს, რომ ქვეყანაში არ არის საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული დემოკრატიული პარლამენტი, ამიტომ ისინი საპარლამენტო ტრიბუნას ჯერჯერობით არ გამოიყენებენ.

„როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გვესაუბრებიან იმაზე, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა გვჭირდება, რა თქმა უნდა, ამას ვეთანხმებით. ჩვენ გვინდა, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ კრიზისზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტი გვესაუბრება, რომ აუცილებელია ინსტიტუტების პატივისცემა, ჩვენც გვინდა, რომ ინსტიტუტებს პატივი სცენ, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში, მიტაცებულ სახელმწიფოში, როდესაც წაგვართვეს ყველაზე უზენაესი- ხმის უფლება, არ გაგვაჩნია ინსტიტუტები. ამიტომ, ეს იყო რჩევა, მათ შორის, როდესაც სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრა იყო, ჩვენ ავხსენით ის, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება დღეს ქვეყანა, მათი მხრიდან იყო რჩევა, ხომ არ სჯობს, რომ საპარალმენტო ტრიბუნა გამოიყენოთო, ჩვენ ვუთხარით, რომ არ გვაქვს დემოკრატიული ინსტიტუტი – პარლამენტი, რომელიც არჩეულია საქართველოს მოსახლეობის მიერ“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, გასაგებია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრება, რომლებსაც აქვთ დემოკრატიული ინსტიტუტები, თუმცა, საქართველოს – არა.

„ჩვენ საპარალმენტო მანდატებს მაშინ გამოვიყენებთ, როდესაც პარლამენტი იქნება ლეგიტიმურად არჩეული, საქართველოს მოსახლეობის მიერ“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, არჩევნები გაყალბდა, სადაც მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა.

„თუ გვინდა, რომ ვიცხოვროთ რეჟიმის პირობებში და ბიძინა ივანიშვილს მივცეთ იმის უფლება, რომ არჩევნები აღარასდროს ჩაატაროს, ჩვენ ამას არ დავეთანხმებით. რჩევა იყო, რომ შევიდეთ პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნა გამოვიყენოთ, ჩვენ არ გამოვიყენებთ. ავუხსენით, თუ რატომ არ გამოვიყენებთ, მათ ეს არგუმენტები მიიღეს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, 18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ფილიპ რიკერსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის შეხვედრა შედგა.