ჯაფარიძე: ელჩებთან გვქონდა პოზიციების დაფიქსირება, შემდეგი შეხვედრის დღეზე შევთანხმდებით

343

“ლელო” საქართველოსთვის ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ელჩებთან შეხვედრაზე, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თავიანთი პოზიციები გააჟღერეს.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მოხდა მიმდინარე მოვლენების შეფასებების გაზიარება ერთმანეთთან. მისივე თქმით, გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა, თუმცა მის თარიღზე მოგვიანებით შეჯერდებიან.

“ჩვენ დამატებით შევთანხმდებით შემდეგი შეხვედრის დროზე. მოთხოვნები იგივეა. ჩვენ გადავეცით ჩვენი მოთხოვნები, ჩვენი შეფასებები ერთმანეთს გავუზიარეთ. დღეს გვქონდა ჩვენი პოზიციების დაფიქსირება მეტი არაფერი. დამატებით შევთანხმდებით შეხვედრის დღეზე”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებსა და “ქართული ოცნების” წარმომადგენელ არჩილ თალაკვაძეს შორის შეხვედრა 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შეხვედრაში ოპოზიციის მხრიდან ბარიერგადალახული 8 პარტიის ლიდერები მონაწილეობდნენ.

ეს შემადგენლობა პირველად შეიკრიბა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს, შედეგებს არ აღიარებს, აქციებით აპროტესტებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ამ დროისთვის ყველა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ გაყალბებული შედეგებით დაკომპლექტებულ პარლამენტში არ შევა.