ჯერჯერობით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დიალოგი გვესმის, როგორც ცარიელი ვერბალური სიტყვა, რომლის შინაარსიც არ არსებობს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ დიალოგზე საერთაშორისო პარტნიორების დასანახად საუბრობს და მზაობას არ ავლენს, რომ სერიოზულად მოეკიდოს პრობლემებს.
„ისინი არ საუბრობენ შინაარსზე. სამწუხაროდ, მეჩვენება, რომ ისინი ამ სიტყვას უბრალოდ საერთაშორისო პარტნიორებისთვის ამბობენ, რომ აი, ჩვენ დიალოგზე ვსაუბრობთ და ოპოზიცია არ მოდის. ეს ნაცადი ხერხია და ჩვენს პარტნიორებსაც კარგად ესმით, რომ შიგნით შინაარსი არ დევს. ხელისუფლებას ჯერ მზაობა არ გამოუვლენია სერიოზულად მოეკიდოს იმ პრობლემას, რაც 31 ოქტომბრის ტოტალურად გაყალბებული არჩევნები და მისი შედეგებია. დიალოგისთვის მზადყოფნა ყველა პარტიამ გამოთქვა, დიალოგის თემა- ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბება იქნება, ამიტომ თუ ამაზე არის თანხმობა, რომ ვისაუბროთ, მზად ვართ ამისთვის“,-აღნიშნა უგულავამ.