სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საგენტოს მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. არჩევნების პერიოდში გავრცელებულ ყველა ყალბ ინფორმაციაზე სააგენტოს ჰქონდა მყისიერი რეაგირება და დადასტურდა, რომ ყველა მათგანი იყო სიყალბე, – ასე ეხმაურება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ცესკო-ს ყოფილი თანამშრომლის, ივანე ბურდულის განცხადებას.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შეფასებით, ბურდულის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ „საარჩევნო სიებით მანიპულაცია იუსტიციის სამინისტროდან იწყება“, არის ცილისმწამებლური და უპასუხისმგებლო. სააგენტოს ასევე მაგალითად სხვადასხვა მსგავსი დეზინფორმაციის შემთხვევა მოჰყავს.
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ცესკო-ს ყოფილი თანამშრომლის, ივანე ბურდულის, მიერ დღეს გავრცელებულ ცილისმწამებლურ და უპასუხისმგებლო განცხადებას ეხმაურება. ბურდულმა განაცხადა, რომ „საარჩევნო სიებით მანიპულაცია იუსტიციის სამინისტროდან იწყება“.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საგენტოს მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. არჩევნების პერიოდში გავრცელებულ ყველა ყალბ ინფორმაციაზე სააგენტოს ჰქონდა მყისიერი რეაგირება და ყოველდღიური კომუნიკაცია – გადამოწმდა ყველა ასეთი დეზინფორმაცია და დადასტურდა, რომ ყველა მათგანი იყო სიყალბე და წარმოადგენდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.
მაგალითად, 31 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ ორი ახალგაზრდა ზვიად გელოვანი (დაბადებული 1997 წელს) და ნოდარ გელოვანი (დაბადებული 2000 წელს) გარდაცვლილებად გამოაცხადა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში გარდაცვლილები არიან ამ ორი ახალგაზრდის იმავე სახელისა და გვარის მქონე წინაპრები და ისინი საარჩევნო სიაში, რა თქმა უნდა, არ იყვნენ.
ასევე, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში 16 ოქტომბერს გავიდა სიუჟეტი, სადაც ითქვა, რომ ზუგდიდის მკვიდრ თენგიზ შეროზიას საკუთრებაში უცხო პირები იყვნენ რეგისტრირებულნი. გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებულნი არიან მხოლოდ შეროზიას ოჯახის წევრები. ამავე სიუჟეტში ითქვა, რომ თითქოს მხოლოდ ზუგდიდში არჩევნების გაყალბების მიზნით სხვა რაიონებიდან 27 000 ადამიანია რეგისტრირებული. გაირკვა, რომ 2020 წელს ზუგდიდში დარეგისტრირდა სულ 182 საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე, რომლებიც მანამდე სხვა რეგიონში ან ქალაქში იყვნენ რეგისტრირებულნი, და არა 27 000.
ასევე, მაგალითად, 28 ოქტომბერს მოქალაქე თორნიკე გოგუაძე აცხადებდა, რომ მის მისამართზე, დაახლოებით, 70 ადამიანი იყო ჩაწერილი. სააგენტომ მყისიერად გადაამოწმა ინფორმაცია და დადგინდა, რომ სიუჟეტში ნახსენები 70 პირიდან არცერთი არ იყო რეგისტირებული თორნიკე გოგუაძის საკუთრებაში არსებულ საცხოვრისში, და მრავალი სხვა.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადებების მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და იუსტიციის სამინისტროს მიერ მონაცემთა ერთიანი ბაზის დახვეწის კუთხით 2013 წლიდან ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების დაკნინება.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრის ანგარიშში, წინა წლების მსგავსად, კვლავ დადებითად არის შეფასებული იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებული საქმიანობა. ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას დაინტერესებული მხარეების უმეტესობას ამომრჩეველთა სიის სიზუსტესთან დაკავშირებით უკმაყოფილება არ გამოუთქვამთ. ასევე, აღნიშნულია, რომ ამომრჩევლებს ჰქონდათ უამრავი საშუალება რეგისტრაციის მონაცემების გადამოწმებისა და შესწორებისთვის, სააგენტო კი, პროაქტიულად უკავშირდებოდა მოქალაქეებს მათი მონაცემების დაზუსტებისა და შესწორების მიზნით. ამასთან, სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო წარმატებით აგრძელებს მონაცემთა რეესტრის დახვეწაზე მუშაობას.
კერძოდ, სააგენტომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ცესკო-ს 15 ოქტომბერს გადასცა პოტენციურ ამომრჩეველთა სია, რომელშიც 3 202 598 მოქალაქე წარმოდგენილია ბიომეტრიული ფოტოსურათით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის ამომრჩევლის მონაცემი დაზუსტებულია. ინფორმაციისთვის: 2012 წელს ამომრჩეველთა სიაში ასეთი უტყუარი მონაცემი მხოლოდ და მხოლოდ 778 207 იყო.
2013 წლიდან მოყოლებული, იუსტიციის სამინისტროში კომპლექსური ღონისძიებები ტარდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწის მიზნით. მათ შორის, სააგენტომ იმავე წლიდან დაიწყო პროექტი „საარჩევნო სიების სრულყოფა“. მას შემდეგ საარჩევნო სიების სრულყოფისთვის სააგენტომ მუშაობა მრავალი მიმართულებით წარმართა. მაგალითად:
2013 წლიდან 2 865 683 მოქალაქეზე გაიცა ელექტრონული პირადობის მოწმობა, აქედან 1 742 529 დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.
2013 წლიდან საარჩევნო სიიდან 10 500-ზე მეტი გარდაცვლილი პირის მონაცემია ამოღებული;
2013 წლიდან იდენტიფიცირებულ იქნა და გაუქმდა 7 700-ზე მეტი გაორებული მონაცემი ან/და გაყალბებული დოკუმენტი;
2013-2020 წლებში მონაცემთა ბაზაში სურათის გარეშე და უხარისხო სურათის მქონე ჩანაწერების აღდგენის მიმართულებით განხორციელდა კარდაკარ სამუშაოები და ბიომეტრიული მონაცემების აღება მოქალაქეთა საცხოვრებელ მისამართებზე. შედეგად, 3 500-ზე მეტი ჩანაწერი გახდა დაზუსტებული და უტყუარი.
2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. სწორედ ამ გრძელვადიანი და თანმიმდევრული სამუშაოების შედეგია ის, რომ დღეისათვის ამომრჩეველთა სია არის ბიომეტრიული და მაქსიმალურად დახვეწილი, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფს პრინციპს – „ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა“.
როგორც აღინიშნა, 2020 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებით გახშირებული იყო დეზინფორმაცია მოქალაქეთა საკუთრებაში არსებულ საცხოვრისის მისამართებზე უცხო პირების მიწერასთან დაკავშირებით. სააგენტოს მიერ ყველა ასეთი დეზინფორმაცია გადამოწმდა და, ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ ყველა მათგანი იყო სიყალბე და წარმოადგენდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.
სააგენტო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ არა მხოლოდ კანონითაა აკრძალული ერთი პირის ორ მისამართზე რეგისტრაცია, არამედ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ეს პრაქტიკაშიც შეუძლებელია და, შესაბამისად, ტყუილია იმის მტკიცება, რომ ერთი ადამიანი შეიძლება ორ მისამართზე იყოს რეგისტრირებული.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ერთი ადამიანი მხოლოდ ერთ მისამართზე შეიძლება იყოს რეგისტრირებული. ეს გარანტირებულია არა მხოლოდ კანონით, არამედ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის ბაზის პროგრამული უზრუნველყოფითაც. კერძოდ, პროგრამა რეგისტრაციის მისამართის შეცვლის შესახებ ბრძანების მიღებისას ავტომატურად ძალადაკარგულად აფიქსირებს რეგისტრაციის ძველ მისამართს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირს აქვს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ის რეგისტრირდება მხოლოდ ერთი-ერთი საცხოვრებელი ადგილის მისამართზე. შესაბამისად, სრულად დაცულია პრინციპი, რომლის თანახმადაც, ერთი მოქალაქე მხოლოდ ერთ მისამართზეა რეგისტრირებული.
მისამართზე რეგისტრაციის წესის კიდევ უფრო დახვეწის, პროცესის ზუსტად და ობიექტურად წარმართვის მიზნით იუსტიციის სამინისტრომ კომპლექსური ღონისძიებები გაატარა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ორჯერ – 2015 წლის 11 აგვისტოს და 2020 წლის 16 ივლისს – შევიდა ცვლილებები.
კერძოდ, 2015 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რეგისტრაცია შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმ საცხოვრისის მისამართზე, რომლის მესაკუთრეც იდენტიფიცირებულია (სახელმწიფო, იურიდიული თუ ფიზიკური პირი). ორი ფიზიკური პირის დადასტურებით მისამართზე რეგისტრაცისას სავალდებულო გახდა ფიზიკური პირების მიერ ცრუ ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით შესაძლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილების ტექსტის ხელით გადაწერა, რათა პირმა ნათლად გააცნობიეროს გაფრთხილების შინაარსი.
2020 წლის 16 ივლისს განხორციელებული ცვლილების თანახმად, დადგინდა მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის სტანდარტი საცხოვრებელი ადგილის ფართობის შესაბამისად და განისაზღვრა, რომ მისამართზე დასარეგისტრირებელი თითოეული პირისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართობი არ შეიძლება იყოს 5 კვ. მ-ზე ნაკლები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასარეგისტრირებელი პირი მესაკუთრის ოჯახის წევრია.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.