მდინარაძე: პარლამენტში შესვლის თაობაზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს

313

ეს არის დესტრუქციაში ჩაყოლა. „ნაცმოძრაობის“ და მათ ფლაგზე შექმნილი აზრის ბულინგის მსხვერპლები არიან, მაგრამ როდესაც გაანალიზებენ, იმედი მაქვს, შემოვლენ პარლამენტში,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მმართველი გუნდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც ის აცხადებს, პარლამენტში შესვლის თაობაზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

მდინარაძე იმედოვნებს, რომ ეს პარტიები „საკუთარ ამომრჩეველს ბოიკოტს არ გამოუცხადებენ და ქვეყნის არევაში მონაწილეობას არ მიიღებენ“.

„ძალიან კარგი იქნება, თუ „ნაცმოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ბულინგს არ დაექვემდებარებიან პარტიები და სიცრუეში არ ჩაყვებიან. ისინი რომ მართლები იყვნენ, არ დასჭირდებოდათ ტყუილით და მანიპულაციებით ხალხის გაბრაზება. მაგალითად, გუშინ გვაუწყეს, რომ გაბათილდა 80 ათასი ბიულეტენი, თითქოს ქვეყანა დაინგრა და ეს იყო ყველაზე მყარი და უტყუარი მტკიცებულება, რომ თითქოს გაყალბდა არჩევნები. რეალურად არ არსებობს საქართველოში ჩატარებული არჩევნები და სხვა ქვეყნებშიც ასე ხდება, რომ 3 და 4% ბათილი არ იყოს ბიულეტენების“,- განაცხადა მდინარაძემ.