ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მორიგ ბრიფინგზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა.
ირაკლი ჭყოიძემ, რომელიც ნინო ბურჯანაძის პარტიის შტაბის წარმომადგენელია, თამარ ჟვანიას მიმართა: „ეს არის გაყალბებული მონაცემები, ნუ ცდილობთ მათ გავრცელებას“.
ირაკლი ჭყოიძე ბრიფინგის ოთახიდან დაცვამ გაიყვანა.
რამდენიმე წამით ბრიფინგი შეჩერდა, თუმცა ჟვანიამ მალევე გააგრძელა.
“გასაგებია, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ წარმომადგენელს შეიძლება არ მოსწონდეს შედეგი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვაცხადებთ შედეგებს იმ უბნების მიხედვით, რომელიც შემოსულია საარჩევნო კომისიაში და დამუშავებულია”, — განაცხადა მან.
ცნობისთვის, პირველი ნოემბრის ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წინასწარი შედეგების გამოცხადებისას “ნაციონალური მოძრაობის” ცესკოს წევრმა პროტესტის ნიშნად ბრიფინგის ჩაშლა სცადა.
“ეს არის ქართული ოცნების შტაში დაწერილი პროცენტები. ეს არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. რომელი საათია? აქამდე შეგნებულად არ აჩენდნენ ოქმებს, რათა რეალური შედეგი [არ] დაედოთ. დაითვალეს მხოლოდ ის ოქმები, სადაც მხოლოდ ოცნების შედეგები არის. არ არის იქ ასახული ის პროცენტები, როგორც ხალხმა და ამომრჩეველმა მისცა ხმა. ამიტომ ეს არის ყველაფერი ფარსი და ყალბი”, — განაცხადა დავით კირთაძემ.
კირთაძე თამარ ჟვანიას მონაცემების გამოცხადების საშუალებას არ აძლევდა. ცესკო-ს ხელმძღვანელის განმარტებით, ამჟამად დათვლილია ხმების 28% და აქ არ არის დიდი ქალაქების შედეგები. ამ მონაცემების მიხედვით, ქართულ ოცნებას 54,72% აქვს, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას 23,61%.
“თქვენც კარგა იცით რა ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში უბნებში. თქვენ კარგად იცით, რომ ამომრჩეველს არ ეძლეოდა ნების გამოხატვის საშუალება და ერთი განცხადება არ გააკეთეთ”, — თქვა კირთაძემ.
თამარ ჟვანიამ კი აღნიშნა, რომ ეს შედეგები აუცილებლად შეიცვლება, რადგან დათვლილია მხოლოდ 28%.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველადი შედეგების გამოცხადება 1 ნოემბრის ღამეს, 03:00 საათის შემდეგ დაიწყეს.