ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში 289 საჩივარი შევიდა, მათი უმეტესობა კი პროცედურულ დარღვევებს შეეხებოდა

329

ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, წინასწარი მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 289 საჩივარი შევიდა. მათი უმეტესობა, მიქელაძის ცნობით, პროცედურულ დარღვევებს შეეხებოდა.

„საჩივრების უმეტესობა შეეხება ისეთ ხარვეზებს, როგორიცაა საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსება, მარკირებასთან დაკავშირებულიწესების დარღვევა და სხვა“, – განაცხადა მიქელაძემ.

რაც შეეხება პირველად მონაცემებს, როგორც ცესკოს სპიკერმა განმარტა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად დაახლოებით 5-7 საათი სჭირდება.

„ყველამ უნდა გავითვალისწინოთ და გავითავისოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას გარკვეული დრო სჭირდება იმისთვის, რომ ყველა პროცედურა განახორციელოს. ბოლო წლების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ამ პროცედურების განსახორციელებლად 5-7 საათია საჭირო, მითუმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა არის განსხვავებული. ჩვენ თუ შევხედავთ ეგზიტპოლის შედეგებს, ვნახავთ, რომ მათაც გარკვეული დრო დასჭირდათ ეგზიტპოლის კითხვარების დასამუშავებლად. ზოგიერთი ეგზიტპოლის შედეგი მოცემული იყო 4 საათის მდგომარეობით, ზოგიერთი – 5 საათის. საარჩევნო ადმინისტრაციას თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში სჭირდება ბევრად უფრო მეტი დრო იქედან გამომდინარე, რომ ოფიციალურად უნდა იყოს თქვენთვის და საზოგადოებისთვის მონაცემები წარმოდგენილი“, – განაცხადა მიქელაძემ.