მოქალაქე თორნიკე გოგუაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სიაში 20 წლის წინ გარდაცვლილი ბაბუა აღმოაჩინა. ამის შესახებ მან TV პირველზე ისაუბრა.
“საკუთარი თავი გადავამოწმე და, მათ შორის, ჩემი ოჯახის წევრებიც და აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 20 წლის წინ გარდაცვლილი ბაბუაჩემი საარჩევნო სიაშია და ჩემს მისამართზე, ჩემ გარდა, ჩაწერილია დაახლოებით 70 ადამიანი. აქედან ზოგიერთი არის ჩემი მეზობელი, მაგრამ უამრავი ისეთია, საერთოდ რომ არ ვიცნობ და ჩემ გვერდით არასდროს არ უცხოვრიათ. მაქსიმუმ 10 ადამიანი ვიცი, დანარჩენს საერთოდ არ ვიცნობ”, — ამბობს თორნიკე გოგუაძე TV პირველთან.
On.ge დაუკავშირდა ცესკოს, სადაც აცხადებენ, რომ ცესკო სახელმწიფო სერვისების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას იყენებს სიის ფორმირებისთვის.
“ცესკო, კანონმდებლობის სრული დაცვით ამუშავებს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ მოწოდებული მონაცემებს, ახდენს სიის ფორმირებას, მონაცემების ოლქებად და უბნებად ჩაშლას”, — აცხადებენ ცესკოში.
რაზეც გოგუაძემ On.ge-სთან განაცხადა, საჩივრის დაწერას აზრი არ აქვს, რადგან პროცესი დიდი ხნის მანძილზე “იწელება” და არჩევნებამდე არ მოესწრება.
საქართველოში არაერთხელ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ სხვადასხვა ხელისუფლების დროს გარდაცვლილ ადამიანებს სიაში სვამდნენ და ამას ხმების გასაყალბებლად იყენებდნენ.