ელემენტარული მოთხოვნაა აქციის 1500 მონაწილეს გაუკეთო პირბადე, ეს ხომ რთული არ არის ან ელემენტარულად სთხოვო ამ ადამიანებს, დაიცვან დისტანცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რითიც ოპოზიციის საარჩევნო კამპანიას გამოეხმაურა. გახარიას თქმით, მხოლოდ ხელისუფლებისა და მთავრობის პასუხისმგებლობა არსებული ვითარების მიმართ, ვერაფერს შეცვლის, თუ მათ შორის პოლიტიკურმა ოპონენტებმა ამაში წვლილი არ შეიტანეს.
„როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ნორმალურ ცხოვრებას არ ვზღუდავთ იმიტომ, რომ გვაქვს შესაძლებლობა და მზად ვართ იმისთვის, რომ ინფიცირების მაღალი ციფრების პირობებშიც ვმართოთ ეს რისკები და ვმართოთ ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ამას ჩვენს პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, თუმცა მარტო ხელისუფლებისა და მთავრობის პასუხისმგებლობა ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევს ან პირიქით დიდი რისკის ქვეშ დააყენებს ჩვენს საზოგადოებას თუ ჩვენმა პარტნიორებმა, პოლიტიკურმა ოპონენტებმა მათ შორის წვლილი არ შეიტანეს, ეს ხომ ჩვენი საზოგადოების ნაწილია. მათ კატეგორიულად მიუღებელი ღონისძიებები ჩაატარეს. ეს ხომ არ არის რაღაც დიდი მოთხოვნები, ელემენტარული მოთხოვნაა, აქციის 1500 მონაწილეს გაუკეთო პირბადე, ეს ხომ რთული არ არის ან ელემენტარულად სთხოვო ამ ადამიანებს, დაიცვან დისტანცია მაშინ, როდესაც იცი, რომ აჭარა არის ყველაზე დიდი ეპიცენტრი ვირუსის გავრცელების. ეს უბრალოდ უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, უფრო მეტიც მავნებლობაა, საბოლოო ჯამში, ეს არის მავნებლობა,“- განაცხადა გახარიამ.
მან ყურადღება ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ ხარვეზები მათ შორის ქოლცენტრების მიმართულებითაც არის. ამასთანავე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის ხანგრძლივი გამოწვევა და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას ულევი რესურსები არ აქვს.
„როსდესაც მე ვსაუბრობ ხარვეზებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ვუყურებთ. რა თქმა უნდა, ეს არის საგანგებო მდგომარეობა ჯანდაცვის სისტემისთვისაც და ჯანდაცვის სისტემაც, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა რესურსებიც, ამოუწურავი არ არის. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ხარვეზებმა არ მიიღოს სისტემური ხასიათი. არის გარკვეული ხარვეზები და ამას მეც ვაღიარებ ქოლცენტრების ნაწილში, იქაც გასასწორებელია ეს ყველაფერი, ისევე, როგორც ლოგისტიკურად, ინფიცირებულების ან ახლო კავშირების გადაადგილება. ყოველდღირად ამ ხარვეზების აღმოფხვრა მიმდინარეობს და ეს გაგრძელდება,“- განაცხადა გახარიამ.