ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს, 16 ოქტომბერს, ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო.
ცესკოს პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გადასცა.
ახალი მონაცემებით, ქვეყანაში 3 558 291 საარჩევნო ასაკის მქონე პირია. მონაცემები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დამუშავდება და უახლოეს მომავალში ამომრჩეველთა საბოლოო რაოდენობა დადგინდება.
მონაცემების დამუშავების შემდეგ, ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის.
“საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემებს წელიწადში ოთხჯერ აწვდის, ხოლო საარჩევნო პერიოდში გადასცემს მოთხოვნის შესაბამისად.