კალაძე: ბოლო წლებში ძალიან ცუდი ტენდენცია იყო – რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე, სკვერების ადგილზე ხდებოდა ქალაქის განვითარება და მშენებლობები

398

სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში იყო ძალიან ცუდი ტენდენცია – რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე, სკვერების ადგილზე, სპორტული მოედნების ხარჯზე ხდებოდა ქალაქის განვითარება და მშენებლობები, რაც კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თვალშისაცემია ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები, რაც თბილისის მერიამ გამწვანების და რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებისთვის გააკეთა.

„სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში იყო ძალიან ცუდი ტენდენცია – რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე, სკვერების ადგილზე, სპორტული მოედნების ხარჯზე ხდებოდა ქალაქის განვითარება და მშენებლობები, რაც კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია. ჩვენ ქალაქის მთავრობაში მოსვლის პირველივე დღიდანვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, მივიღეთ ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმა, შევაჩერეთ ქაოტური განაშენიანება და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას, ასევე ახალი სკვერების მშენებლობას და არსებული პარკების განახლება-რეაბილიტაციას. ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანისთვის ვინც თბილისში ცხოვრობს, სტუმრად ჩამოდის, ნამდვილად თვალშისაცემია ბოლო წლები განხორიელებული პროექტები. გზაგამყოფებსაც კი არ ვტოვებთ გამწვანებების გარეშე, სადაც ამ პროექტების განხორციელება შესაძლებელია. მხოლოდ გამწვანებით ეკოლოგიურ მდგომარეობას ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელსაც მოწესრიგება სჭირდება“, – განაცხადა კალაძემ.