კალაძის განცხადებით, თბილისის ცენტრალური პარკი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარზე განთავსდება

380

თბილისის ცენტრალური პარკი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარზე განთავსდება. ამის შესახებ პარკის პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

თბილისის მერის განმარტებით, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ეს იქნება მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის და კვების ზონა. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი.

პარკში განთავსდება ცხენოსნის ქანდაკება, როგორც ამ ტერიტორიის სიმბოლო.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას გუშინ მოეწერა ხელი.