თბილისს დაუბრუნდება მაქსიმალურად ყველა პარკი და ყველა რეკრეაციული სივრცე და ამ შემთხვევაში უნიკალური შანსი მოგვეცა, როდესაც „ქართუ ფონდმა“ ასეთი საჩუქარი გაუკეთა თბილისს, – განაცხადა ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრმა, გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
თბილისის მერის მოადგილის თქმით, ეს არის პოზიტივი და საარჩევნო დაპირებების შესრულება, რასაც თბილისში და ზოგადად, ქვეყანაში ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენა ჰქვია.
„აბსოლუტური გულგრილი და უგულო დამოკიდებულება იყო ჩვენი ქალაქის მიმართ, როდესაც გაიყიდა ისეთი მნიშვნელოვანი ტერიტორიები, რომელიც უნდა ყოფილიყო რეკრეაციული სივრცეები. მათ შორის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, ასევე – კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, რომლის გამოსყიდვაც მერიას მოუწია. ასევე, იპოდრომის გვერდით მდებარე კორტები, სადაც მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა იყო გათვალისწინებული.
ზუსტად, ის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ყაზბეგის გამზირთან აკავშირებს იპოდრომს, წინა მმართველობის დროს იყო გაყიდული. ეს არ არის საარჩევნო ფარსი – ეს არის საარჩევნო დაპირება ჯერ კიდევ კახა კალაძის და წინა არჩევნებზე „ქართული ოცნების“, რომ თბილისს დაუბრუნდება მაქსიმალურად ყველა პარკი და ყველა რეკრეაციული სივრცე და ამ შემთხვევაში უნიკალური შანსი მოგვეცა, როდესაც „ქართუ ფონდმა“ ასეთი საჩუქარი გაუკეთა თბილისს და ძალიან საკვირველია, როდესაც ჩვენ გავზარდეთ ბოტანიკური ბაღის ტერიტორია და იქ უზარმაზარი ინვესტიცია ჩადო „ქართუ ფონდმა“, მაშინ რატომ არ ატყდა ასეთი განგაში, რომ ეს საარჩევნო ფარსია.
არ იყო არჩევნები ახლოს და შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ მიზეზი, რის გამოც უნდა დაეწყოთ ამ თემაზე საუბარი იმიტომ, რომ ეს არის პოზიტივი და საარჩევნო დაპირებების შესრულება, რასაც თბილისში და ზოგადად, ქვეყანაში ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენა ჰქვია. „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლება, რომელმაც პირველად დაიწყო საუბარი გარემოს დაცვაზე, ეკოლოგიაზე, მათ შორის ჰაერის დაბინძურების საკითხზე“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა.