გამყრელიძე: კორონავირუსით ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე სწრაფ იზოლაციას დაექვემდებარება

613

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე სწრაფ იზოლაციას ექვემდებარება.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში იქნება.

„ინფიცირებულებიდან ჭარბობს, რა თქმა უნდა, სიმპტომიანი და კონტაქტში მყოფი პაციენტები, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონტაქტში მყოფი ადამიანების სწრაფ იზოლაციას. ამაზე გამახვილდა დღეს ყურადღება საკოორდინაციო საბჭოზე, ერთ-ერთი მთავარი ახალი მიდგომა რაც გვექნება იქნება ის, რომ ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, ექვემდებარება სწაფ იზოლაციას. თუ არის სახლში თვითიზოლაციის საშუალება, რჩება ბინაზე, თუ არა და კარანტინში გადაყვანას გულისხმობს 14 დღის განმავლობაში. 14 დღე ყოფნა კარანტინში ან იზოლაციაში, ყოვლეგარი კვლევის გარეშე, ამაზე ახალი პროტოკოლი შემუშავდება. თუ მას სიმპტომები უჩნდება, იძახებს 112-ს, უკეთებენ კვლევას და შესაბამისად, შემდეგ სხვა პროტოკოლით მიმდინარეობს მართვა“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.