“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მმართველ პარტიას მოსახლეობის 60 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
წამყვანის კითხვაზე, ვისთან შექმნით კოალიციას, რომ დაგჭირდეთ, კალაძე პასუხობს, „თუ მოხდა, შემდეგ განვიხილოთ“.
„თეორიებით რომ არ ვილაპარაკოთ, ყველა აკეთებს გამოკვლევას, რომელთა ცდომილება 3-4%-ია. დღეს, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ დიდი მხარდაჭერა აქვს. თუ მოხდა, შემდეგ განვიხილავთ, ამას. დამოკიდებულია იმაზე, ვის დაუჭერს მხარს საზოგადოება, ვინ იქნებიან ის სხვა პარტიები, რომლებიც პარლამენტში შემოვლენ“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე არ დგას კოალიციის შექმნის საჭიროება, რადგან პარტია „ქართული ოცნებას“ აქვს შანსი ძალიან დიდი უმრავლესობით გავიდეს.
„ყოველდღიურად ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები, ფაქტობრივად, სულ ქუჩაში ვარ, კვლევებიდან გამომდინარე, ვამბობ, რომ დღეს, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ აქვს იმის შანსი, რომ კოალიციის გარეშე, ძალიან დიდი უმრავლესობით მოვიდეს საქართველოს პარლამენტში. აქვს 60 პროცენტიანი მხარდაჭერა კვლევების მიხედვით. თუმცა, ყველაფერი საზოგადოებაზეა დამოკიდებული, ასევე ისიც, ვინ იქნებიან სხვა პარტიები, რომელსაც მხარს დაუჭერს და შევლენ პარლამენტში“, – განაცხადა მან.