აგრარულ სექტორში ჩართულმა ფერმერებმა, შესაძლოა, საშეღავათო პირობებით ისარგებლონ

455

აგრარულ სექტორში ჩართულმა ფერმერებმა შესაძლოა, საშეღავათო პირობებით ისარგებლონ. შესაბამის ცვლილებებს აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც დღეს პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტზე, კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ წარადგინა.

როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, კანონპროექტი დღგ- ს და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.

„საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი არის სოფლად და დაკავებულია სოფლის მეურნეობით. კოვიდის გამოწვევის პირობებში, ქვეყანაში ტურიზმის დიდი დანაკლისია და ამ ფონზე, ვფიქრობ, რომ ის რესურსი, რომელიც არის სოფლად, უნდა ავითვისოთ. აღნიშნული კანონი ითვალისწინებს საშეღავათო პირობებს საგადასახადო ნაწილში, ეს არის როგორც დღგ -ს, ისე საშემოსავლოს ნაწილში, ასევე ითვალისწინებს ჩართულობას საერთო სამთავრობო პროგრამებში, რომელიც როგორც საგრანტო ისე ფინანსური ხელმისაწვდომობის ნაწილში არის განსაზღვრული და საბოლოო ჯამში, სტანდარტების დაწესებას, ხარისხის ამაღლებას და სერვისების მაქსიმალურ სტიმულირებას ადგილობრივი ფერმერებისთვის. კანონის მიღება წაახალისებს სერვისების განვითარებას, ადგილობრივი პროდუქციის წარმოებას და ხელს შეუწყობს რეალიზებას.

პირველ ეტაპზე ველოდებით რამდენიმე ასეული სუბიექტის ჩართვას, სუბიექტი მოგეხსენებათ, მოიცავს რამდენიმე ფერმერს, ყველა პროდუქტს ერთი ფერემერი არ აწარმოებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კოოპერირება შედგეს და გამსხვილდეს მეურნეობები,”- განაცხადა დანელიამ.