ყველა ცრუ ბრალდებას და სიბინძურეს ხვალ, 10სთ-ზე პასუხი გაეცემა – თბილისის მერის ლაივები

377

კახა კალაძემ დღეს, თბილისის მთავრობის სხდომაზე,  მორიგი ლაივი დააანონსა, როგორც განაცხადა, “ცრუ ბარლდებებსა” და “სიბინძურეზე” პასუხების გასაცემად.

“მიკროავტობუსებთან დაკავშირებით კონკრეტული ტელევიზია ავრცელებდა სიბინძურეს და ხვალ, ხუთშაბათს, 10:00 საათზე შესაბამისი პასუხი გაეცემა ყველა ცრუ ბრალდებას და სიბინძურეს, რომელიც მოისმინა საზოგადოებამ’, – თქვა კალაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის მერიას დედაქალაქში 300 ახალი მიკროავტობუსი შემოჰყავს. როგორც სხდომაზე  კალაძემ თქვა,  Ford-ის მარკის მიკროავტობუსების ნაწილი ოქტომბერში, ნაწილი კი 180 კალენდარული დღის განმავლობაში შემოვა.

“ძირითად უბნებში ივლის 12-მეტრიანი, 8-მეტრიანი, 10-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო თბილისის რელიეფიდან, ქუჩების სივიწროვიდან გამომდინარე ივლის მიკროავტობუსებიც,” – ამბობს კალაძე.

კალაძის ინფორმაციით, ტენდერი უკვე დასრულდა და 18 სექტემბერს ხელშეკრულებაც გაფორმდა.

ცნობისთვის, 30-მილიონიან ტენდერზე რეპორტაჟი “მთავარმა არხმა” მოამზადა, სადაც საუბარი იყო, რომ კომპანია “ჯითი გრუპმა” კონკურსის გარეშე გაიმარჯვა.

მისმა ერთადერთმა კონკურენტმა კომპანიამ მერიას მიკროავტობუსები ნახევარი მილიონი ლარით იაფად შესთავაზა, თუმცა “ჰიუნდაი ავტო ჯორჯია” კონკურსს სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზის გამო გამოეთიშა.