ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, მიუხედავად შეზღუდვებისა, ბევრი საერთშორისო ორგანიზაცია მზად არის, რომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში დამკვირვებლები გამოგზავნოს.
“ევროპული საქართველოს“ ცნობით, გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გულისყურით დააკვირდება არჩევნებს და არავის ეპატიება დარღვევები და ფალსიფიკაცია.
„31 ოქტომბრის არჩევნებზე ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა და მისასალმებელია, რომ ბევრი ორგანიზაცია ცდილობს და გამოთქვამს სურვილს, რომ ჩამოვიდეს. ეს მარტივი არ არის. დღეს, ბევრი შეზღუდვაა, მათ შორის საქართველოშიც, ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ყველაფერი, მაგრამ იქნება ეს ეუთო, თუ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება და ასევე სხვა ორგანიზაციებიც, აუცილებლად გამოგზავნიან დამკვირვებლებს. ეუთო მზადაა, რამდენიმე ასეული დამკვირვებელი გამოგზავნოს და ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ბუნებრივია, ცალკეული ქვეყნებიც და ლიდერებიც, გულისყურით დააკვირდებიან საქართველოში არჩევნებს და ნამდვილად, არავის არ ეპატიება ამ არჩევნების სტანდარტების მიღმა ჩატარება, დარღვევები, ფალსიფიკაცია და ა.შ. არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიული სტანდარტით და ეს განსაზღვრავს შემდგომში, როგორი დამოკიდებულება იქნება საქართველოს მიმართ“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.