საქართველოს საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის დემოკრატიული რეპუტაციის დასადასტურებლად, – ამის შესახებ ნათქვამია ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ ანგარიშში.
ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მუდმივ გაღრმავებას მიესალმება და ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებაში საქართველოს ბოლოდროინდელ პროგრესს აღიარებს, რამაც საქართველო რეგიონში ევროკავშირის მთავარი პარტნიორი გახადა.
„თანამშრომლობის გაღრმავება და ევროკავშირის დახმარება განპირობებულია რეფორმების უწყვეტი პროგრესით, კერძოდ, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხრივ, მათ შორის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და საარჩევნო რეფორმების ჩათვლით“, – ნათქვამია ანგარიშში.
ევროპარლამენტი ასევე მიესალმება „ქართველი ხალხისა და ხელისუფლების საერთაშორისოდ აღიარებულ რეაგირებას COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით, ასევე პანდემიის დროს ქვეყნის სამედიცინო მუშაკთა და ხელისუფლების ეფექტურ მუშაობას, რამაც შეამსუბუქა ტვირთი ჯანდაცვის სისტემასა და ეკონომიკაზე“.
ევროპარლამენტის წევრები ასევე აღნიშნავენ, რომ „საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს დემოკრატიული რეპუტაციის დასადასტურებლად“ და იმედს გამოხატავენ, რომ საარჩევნო კამპანია სამართლიანი კონკურენციით წარიმართება.
ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევისგან, მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეების წარმოებისგან და ზომები მიიღონ დეზინფორმაციული კამპანიების თავიდან ასაცილებლად.
ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში დაამტკიცა. პლენარულ სესიაზე დოკუმენტს 552-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 61 იყო, ხოლო თავი შეიკავა ევროპარლამენტის 78-მა წევრმა.