კალაძე: მოქალაქეების კომფორტულად გადაადგილებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო 7-10 წუთამდე უნდა შემცირდეს

712

ჩვენი მიდგომაა, შემოვიყვანოთ ახალი ავტობუსები, რომლებიც იქნება ყველაზე კომფორტული და სუფთა. რომლებიც პრობლემების გარეშე შეძლებენ ქალაქში გადაადგილებას, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოვემსახუროთ და მივიდეთ იმ კონკრეტულ ქუჩებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, უნდა შემცირდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაყოვნების დრო. „ტრანსპორტის მოცდის დრო უნდა შეუმცირდეთ იმ ადამიანებს, ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტს 40 წუთი ელოდება. მოცდის დრო უნდა დავიყვანოთ 7-10 წუთამდე, იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს კომფორტულად გადაადგილება“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, სატრანსპორტო რეფორმა მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში განხორციელდა, იმისთვის, რომ საცობების პრობლემა დაეძლიათ. „დღეს თბილისში 650 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდება და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რაც პრობლემას წარმოადგენს ქალაქის რელიეფისა და ქუჩებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა კალაძემ.